სიახლეები

გიმნაზია შავნაბადას თანამშრომლობა ილიაუნისთან

13 აპრილი 2020

გიმნაზია „შავნაბადა“ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, პირველივე დღეებში გადაერთო როგორც ონლაინ სასწავლო პროცესზე, ასევე დისტანცირებულ სამუშაოსა და მომსახურებაზე, რასაც წარმატებით ართმევს თავს და ყოველთვის მზად არის ახალი გამოწვევებისთვის. ამჯერად, კი საკუთარ მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლებთან ერთად,  გამოთქვამს მზაობასა და სურვილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის სტუდენტებთან თანამშრომლობა ონლაინ სივრცეში კვლავ გააგრძელოს.

გიმნაზია „შავნაბადა“ 2016 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, აქტიურად თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მომავალ მასწავლებლებს აძლევს საშუალებას თეორიულ ცოდნასთან ერთად შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ.

  • რა პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს გიმნაზია „შავნაბადა“ ილიას სახელმწიფო უნივერისტეტთან?
    გიმნაზია „შავნაბადა“ თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის,  ბიზნესის ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის, განათლების სკოლის ფარგლებში არსებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო  პროგრამასთან.
  • რა მიზანს ემსახურება განათლების სკოლა და რა სახის თანამშრომლობას სთავაზობს გიმნაზია „შავნაბადა“?
    განათლების სკოლის მიზანია მოამზადოს მასწავლებელი, რომელსაც გააჩნია წარმატებული პროფესიული საქმინობისათვის შესაბამისი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ღირებულებები და შეუძლია  უპასუხოს მასწავლებლისადმი წაყენებულ თანამედროვე მოთხოვნებს. განათლების სკოლის პროგრამებში მნიშვნელოვანი კომპონენტია სასკოლო პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რის შესაძლებლობასაც გიმნაზია აძლევს ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს.
  • რომელი საგნების სწავლების პროცესში იქნებიან ჩართულები პრაქტიკანტი სტუდენტები?
    მიმდინარე სემესტრში მასწავლებლის მომზადების  საგანმანათლებლო პროგრამის, ინგლისური ენის მიმართულების სტუდენტები ეუფლებიან დამოუკიდებელი სასკოლო პრაქტიკის კურსს ინგლისურ ენაში, რომლის ფარგლებშიც ისინი დააკვირდებიან გიმნაზია „შავნაბადას“ კვალიფიციური და გამოცდილი  მასწავლებლების საგაკვეთილო პრაქტიკას და შემდეგ, თავადაც ჩაატარებენ დამოუკიდებელ ონლაინ გაკვეთილებს.

და ბოლოს, გთავაზობთ განათლების სკოლის პროგრამების კოორდინატორის ლიკა ტვილდიანის კომენტარს:
„პირველ რიგში, ძალიან დიდ მადლობას გიხდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისთვის და მუდმივად გამოხატული მზაობისთვის, რომ მიიღოთ ჩვენი სტუდენტები და მისცეთ მასწავლებლის პროფესიისთვის აუცილებელი პრაქტიკული-უნარ-ჩვევების შეძენისა და განვითარების  შესაძლებლობა თქვენს სკოლაში! განათლების სკოლის ზემოთ აღნიშნული თითოეული პროგრამის მიზნების მიღწევასა და განხორციელებაში  მრავალი წელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა.“ აღნიშნული თანამშრომლობა ვლინდება მუდმივ მზაობაში, რომ მიიღოს მომავალი მასწავლებლები პრაქტიკებზე და მისი გამოცდილი და კვალიფიციური მასწავლებლები დაეხმარნონ სტუდენტებს იმ პრაქტიკული  პროფესიული უნარ- ჩვენების დაუფლებაში, რომელიც სტუდენტს დაეხმარება მომავალში კარიერულ წინასვლასა და სრულყოფილ მასწავლებლად ჩამოყალიბებაში.  მასწავლებლები აძლევენ სტუდენტებს გაკვეთილებზე დასწრების უფლებას, უზიარებენ სწავლებისა და შეფასების მეთოდებსა და სტრატეგიებს,  ეხმარებიან გაკვეთილის გეგმებისა და რესურსების მომზადებაში,  ბოლოს კი აფასებენ   სტუდენტების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს და აძლევენ შესაბამის განმავითარებელ შეფასებასა და რეკომენდაციებს...“

მსგავსი სიახლეები