სიახლეები

თათა აბრამიშვილი 70 000$-იანი დაფინანსებით სწავლას იაპონიაში გააგრძელებს

06 მაისი 2022

გიმნაზია „შავნაბადას“ XI კლასის მოსწავლე, თამარ აბრამიშვილი ახალი სასწავლო წლიდან 70 000$-იანი დაფინანსებით სწავლას იაპონიაში გააგრძელებს.

  • რა პროექტით და სად აგრძელებ სწავლას ახალი სასწავლო წლიდან? 

ახალი სასწავლო წლიდან UWC-ის იაპონიის კოლეჯში გავაგრძელებ სწავლას. UWC გაერთიანებული მსოფლიო კოლეჯების გლობალური მოძრაობაა, რომელიც განათლებას იყენებს, როგორც ძალას, რომ გააერთიანოს ხალხი, ერები და კულტურები მშვიდობისა და სტაბილური მომავლისთვის.

ეს მოძრაობა აერთიანებს 18 კოლეჯს, რომლებიც მსოფლიოს 4 კონტინენტზეა მიმოფანტული, მათ ყოველწლიურად 9 000-მდე მოსწავლე უერთდება სხვადასხვა ქვეყნიდან. კოლეჯის აკადემიური ნაწილი მოიცავს საერთაშორისო საბაკალავრო დიპლომის პროგრამას.

ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მოხალისეობრივ აქტივობებს, გარე განათლებას, კლუბურ მუშაობას, მოსწავლეთა წამოწყებულ პროექტებს, კულტურათაშორისი მიმოცვლის ღონისძიებებს და ა.შ.

  • რა ეტაპები გაიარე ჩარიცხვამდე?

კოლეჯში ჩავირიცხე ეროვნული კომიტეტის მეშვეობით, რომელიც თავად UWC მოძრაობის ნაწილია და თამაშობს შუამავლის როლს მოსწავლეებსა და კოლეჯებს შორის. შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  1. აპლიკაცია - ეს ნაწილი მოიცავს 10-15 კითხვას საკუთარი თავის, მოტივაციის, ჰობების, გამოცდილების, მიზნების, ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ.
  2. ტესტი, რომელიც მოიცავს ორ ნაწილს: ვერბალურსა და მათემატიკურს.
  3. გასაუბრება UWC-ის ქართველ კურსდამთავრებულებთან.
  4. საბოლოო შესარჩევი დღეები: 2 დღის განმავლობაში სხვა ფინალისტებთან ერთად ჯგუფური და ინდივიდუალური თამაშები და აქტივობები. მათ შემდეგ კი გასაუბრება UWC-ის უცხოელ მასწავლებლებთან და თანამშრომლებთან.


რაც შეეხება დაფინანსებას: 
UWC-ის ერთ-ერთი მიზანია, რომ თითოეულ მოსწავლეს მისცეს შესაძლებლობა მიიღოს განათლება მისი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად. აქედან გამომდინარე, მოსწავლეები მხოლოდ შერჩევის შემდეგ ავსებენ ფორმას, სადაც უთითებენ დეტალურ ინფორმაციას მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კოლეჯისთვის მოსწავლის ოჯახს იმ თანხის გადახდა უწევს, რისი შესაძლებლობაც აქვს. მე, პირადად, კოლეჯმა სწავლა დამიფინანსა 70 000$-ით.

 

  • რა გრძნობაა, როცა ასეთი პროექტის გამარჯვებული ხდები?

თავიდან, სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან შემეშინდა ამდენი სიახლისა და პასუხისმგებლობის, ისე რომ, სიხარულს ვერც კი ვგრძნობდი. ახლა კი ბედნიერი ვარ, რომ იწყება ახალი თავგადასავალი, რომელიც განსხვავებული იქნება ყველა იმ დანარჩენისგან, რომელიც აქამდე გამომიცდია.

  • რას ურჩევ იმ მოსწავლეებს, რომლებიც სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებით არიან დაინტერესებულები?

სწორედ ასეთი შესაძლებლობების ძიების პროცესში მივხვდი, რომ არასდროს ვიცით, თუ როდის, როგორ, ან სად აღმოვჩნდებით! მთავარია ვეძიოთ, ვეცადოთ და სადღაც, რაღაც, 2 წლის შემდეგ, 5 წლის შემდეგ, ან 10 წლის შემდეგ მაინც გამოვა. მე, პირადად, FLEX-ის პროგრამაში 3 წლის განმავლობაში ვიღებდი მონაწილეობას, თუმცა ვერც ერთხელ შევძელი გამარჯვება. მიუხედავად ამისა, მასში მიღებული გამოცდილება დამეხმარა სხვა ადგილებში საკუთარი თავის წარმოჩენაში.

მსგავსი სიახლეები