სიახლეები
პროექტზე დაფუძნებული სწავლება
პროექტზე დაფუძნებული სწავლება (Project-Based Learning) სწავლების თანამედროვე და ერთ–ერთი ყველაზე ინტერაქციული მეთოდია.
სწორედ ამ მეთოდს იყენებს ჩვენი მასწავლებელი, პირიმზე წიკლაური Ⅹ კლასში ხელოვნების სწავლების პროცესში.
ჩვენი მოსწავლეები მთელი წელი ძალიან საინტერესო პროექტებზე მუშაობენ და რამდენიმე მათგანზე უნდა მოგიყვეთ.
ხელოვნების პროექტული სწავლების ფარგლებში მასწავლებელი ხდება მიმართულების მიმცემი და შემფასებელი, მოსწავლეები კი:
- დამოუკიდებლად ირჩევენ და მუშაობენ სხვადასხვა თემებზე;
- იძიებენ საკვლევ თემებზე ინფორმაციას, ადრესატებს და აწარმოებენ ინტერვიუებს;
- დამოუკიდებლად გეგმავენ სამუშაო განრიგს.
მიმდინარე სასწავლო სემესტრში ჩვენი მოსწავლეები ტრადიციული და არატრადიციული მასალებით ხელოვნების ნიმუშების შექმნისა და დამუშავების თემატიკაზე მუშაობდნენ.
საღებავი როგორც ტრადიციული მასალა შეგვიძლია ბევრი მიმართულებით გამოვიყენოთ. კალიგრაფ გიორგი სისაურთან ერთად სწორედ ამ საკითხზე იმუშავეს და ასოების მოხატვაც სცადეს.
კერამიკოს გვანცა ფანჩულიძესთან ერთად გაეცნენ თეორიულ მასალას თიხის მოპოვებიდან, თანამედროვე ხელოვნებაში მის გამოყენებამდე. და რაც მთავარია, მოსწავლეებმა თავიანთი ხელით დაამზადეს, გამოწვეს და მოაჭიქურეს მათთვის სასურველი ნივთები.