სიახლეები

#ფსიქოლოგისდრო - აღზრდის 4 სტილი

07 მაისი 2021

ცალკეულ ოჯახებში დამკვიდრებულ ურთიერთობათა და ბავშვების დამოკიდებულებების მიხედვით ფსიქოლოგიაში გამოყოფენ ოთხი სახის აღზრდის სტილს, რომლის შესახებაც ჩვენი ფსიქოლოგი, თამარ ჯინჭარაძე გვესაუბრება.

 

 პიროვნების ფორმირების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია აღზრდის სტილი და ოჯახში არსებული კლიმატი. გარდატეხის ასაკი ის პერიოდია, როდესაც მანამდე არსებული აღზრდის შედეგები მთელი სიცხადით ვლინდება. სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს შვილის აღზრდის რა მეთოდს ავირჩევთ.

1. აღზრდის ავტორიტარული სტილი მკაცრ ხელმძღვანელობას, ძალის გამოყენებასა და ბავშვის ინიციატივების ჩახშობას გულისხმობს. მშობლები უპირობო მორჩილებას და წინასწარ განსაზღვრული წესებით მოქმედებას მოითხოვენ. ბავშვის მხრიდან ნებისმიერ წინააღმდეგობას და ინიციატივას კი, ხშირად ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფიზიკური დასჯა ან მუქარა მოჰყვება. ავტორიტარულ ოჯახში აღზრდილ ბავშვთან გარდატეხის ასაკში ჩნდება „ახლა ჩემი დროა“-ს მომენტი.

მოზარდი იმის სადემონსტრაციოდ, რომ მშობლის სიტყვას არ ემორჩილება, საპირისპირო ღირებულებებით იწყებს მოქმედებას. სამწუხაროდ, ამგვარ ოჯახებში საკუთარ თავში დაურწმუნებელი ან აგრესიულობისკენ მიდრეკილი ბავშვები იზრდებიან.

2. ავტორიტარული სტილის საპირისპიროა ჰიპერმზრუნველობის, ლიბერალური აღზრდის სტილი, როდესაც ბავშვებთან დამოკიდებულება ეფუძნება შემდეგ პრინციპს: მისთვის ყველაფერი დასაშვებია, არაფრის აკრძალვა არ შეიძლება, არ აკონტროლებენ და ბავშვის მიმართ ზედმეტ ტოლერანტობას იჩენენ. ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვი ეჩვევა ყველაფრის უპირობოდ მიღებას, აქვს მბრძანებლური დამოკიდებულება ყველას და ყველაფრის მიმართ. ახასიათებს იმპულსურობა, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ჯიუტი და ჭირვეული ხდება. ზედმეტმა ლიბერალობამ შეიძლება ბავშვი სოციალურ უმწიფარობამდეც კი მიიყვანოს. ამ დროს დიდია ალბათობა, რომ მომავალში მოზარდს თანატოლებთან და უფროსებთან დაძაბული, კრიზისული ურთიერთობები ჩამოუყალიბდეს. იგი მიჩვეული არ არის დათმობას და თავისი სურვილის საერთო ინტერესებისადმი დამორჩილებას.

3. ინდიფერენტული აღზრდის სტილი მოიაზრებს მშობლების გულგრილ დამოკიდებულებას შვილების მიმართ. მსგავს ოჯახებში მშობლები ან საერთოდ „ვერ ხედავენ” საკუთარ შვილს, ან გაურბიან მასთან ურთიერთობას, ურჩევნიათ მათგან მოშორებით ყოფნა, არ ინტერესდებიან ბავშვის მოთხოვნებით. მშობლების მხრიდან შვილის განვითარების მიმართ გამოხატული გულგრილი დამოკიდებულება ბავშვს გადააქცევს მარტოსულ არსებად, რის შედეგადაც ვიღებთ აგრესიულ, თანატოლების მიმართ გაუცხოებულ ბავშვს. აღსანიშნავია, რომ კრიმინალისადმი მიდრეკილება ხშირად ინდიფერენტულ ოჯახებში აღზრდილ პირებში ვლინდება.

4. უფრო სასურველი ბავშვისთვის ავტორიტეტულ-დემოკრატიული აღზრდის სტილია. ასეთ ოჯახებში იგრძნობა ბავშვის მიმართ გამოხატული სიყვარული და კეთილგანწყობა ზომიერების ფარგლებში. უფროსები პოულობენ დროს ბავშვთან თამაშისთვის, ესაუბრებიან მისთვის საინტერესო თემებზე, ეხმარებიან დაბრკოლებათა დაძლევაში, ზედმეტად არ ანებევრებენ და სხვებისადმი ანგარიშის გაწევას ასწავლიან. უფროსები იჩენენ ზომიერ კონტროლს და ყურადღებას. ავტორიტეტული აღზრდის სტილის პირობებში ბავშვს კარგად ესმის უფროსების, შეუძლია სხვის აზრსაც გაუწიოს ანგარიში. დემოკრატიული სტილის ოჯახებში ბავშვის პიროვნებას სცემენ პატივს, შედეგად კი იზრდება საკუთარი ღირსების გრძნობის მატარებელი, დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც სულაც არ უჭირს ურთიერთობები და ორიენტირებულია წორ ფასეულობებზე.

ძვირფასო მშობლებო, ხშირად დაინტერესდით შვილების ინტერესის სფეროებით, როგორ მუსიკას უსმენს, რას თამაშობს, რომელი სოციალური ქსელებით სარგებლობს. ამ გზით შესაძლებელი იქნება ემოციური კავშირის დამყარება, რაც თავიდან აგვაცილებს მომავალში მოზარდის გაუცხოებას, ჩაკეტილობას და შესაძლებლობას მოგვცემს ფაქიზი მიდგომით მოვახდინოთ არასასურველი ქცევის კორექცია. მისი მრავალფეროვანი აქტივობებით დაკავება კი, არის პრევენცია მომატებული ემოციურობის და ენერგიის სწორად დახარჯვისათვის.

გახსოვდეთ, რომ არ არსებობს იდეალური მშობელი და აღზრდის სტილი. მთავარია ურთიერთპატივისცემაზე, გაგებაზე და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ბავშვის თავისებურებების, ტემპერამენტის, სოციუმის გათვალისწინებით ყველა მოზარდი საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას.

მსგავსი სიახლეები