სიახლეები

რას ნიშნავს იყო დედა?

03 მარტი 2020

,,დედობა მეტი ძალა და თავისუფლებაა“

_____________________________________

„დედის დღის“ აღნიშვნის სამშობლოდ ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევა, სადაც ამ დღის აღნიშვნა დაკავშირებულია მოქალაქე ანა ჯავისის სახელთან. იგი გახლავთ ამ დღის ერთ-ერთი ფუძემდებლი. იგი 3 წლის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ჩინოვნიკებთან დედის დღის აღნიშვნის აუცილებლობასთან დაკავშირებით. 1910 წელს „დედის დღე“ პირველად აღინიშნა ვირჯინიის შტატში, თუმცა ოფიციალურ დღესასწაულად 1914 წელს გამოცხადდა.

„დედის დღე“ საქართველოში 1991 წლიდან დაწესდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ინიციატივით და მას მერე იგი ოფიციალური დასვენების დღეა. თუმცა დედის მიმართ პატივისცემის ტრადიცია საქართველოში ოდითგან გვაქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეს დღე სიმბოლურად 3 მარტს, გამოზამთრების შემდგომ, სიცოცხლის განახლების პერიოდში, აღინიშნება.

ამ განსაკუთრებული დღისთვის, ჩვენს თანამშრომლებს მივაკითხეთ და ერთი, თითქოს ჩვეულებრივი კითხვა დავუსვით მათ, არაჩვეულებრივი პასუხების მოლოდინში:

რას ნიშნავს იყო დედა?

 

  • ,,დედობა ნიშნავს უსასრულო სიყვარულს, ზრუნვას, თავგანწირვას, სამყაროს ცქერას შვილების თვალებით, გამუდმებულ საფიქრალს და შეუდარებელ ბედნიერებას.” - გვანცა ძაგანია
     
  • ,,მის გარეშე ვერ სუნთქავ... მისი სიხარულით ხარობ... საკუთარ სიცოცხლეზე ძვირფასია...“ - ეკატერინა ფანცხავა
     
  • ,,ეს ამპლუა ჩემთვის ახლა განსაკუთრებულ ემოციებთანაა კავშირში. დედობა მეტი ძალა და თავისუფლებაა, როცა დედა ხარ ,,კაი ტიპი ხარ"“ - სოფო ჯგერენაია
     
  • ,,თუ დედა ხარ, იცი, რა არის ყველაზე დიდი ბედნიერება, ცხოვრების აზრი. როცა შენი ცხოვრების თითოეული წუთი თუ წამი, გინდა, რომ მასთან გაატარო. ყველა სიამეზე Შეგიძლია თქვა უარი, რადგან, Შვილთან ერთად ყოფნის სურვილი, ყველაფერს აღემატება... ყველა ქალი უნდა იყოს დედა...“ - შორენა გოგია
     
  • ,,ქალი შეიძლება იყო სუსტი, მაგრამ დედა ყველგან და ყოველთვის ძლიერი ხარ“ - თამუნა ბედოშვილი
     
  • ,,დედობა გამოცდაა, როგორც საკუთარი შვილის, ისე საზოგადოების წინაშეც. ამასთანავე ეს არის დაუსრულებელი ბედნიერება“ - ჯეინ ენუქიძე
     
  • ,,ყველაზე წმინდა და უანგარო სიყვარულია, უდიდესი ძალაა, რომელიც შეუძლებელს გაგაკეთებინებს შვილისთვის, ემოციების ზღვაა, რომელიც არ შეედრება არც ერთ ემოციას, ამოუხსნელი კავშირია, ყველაზე დიდი ღირსებაა ქალისთვის. და ბოლოს, ნიჭია - გიყვარდეს სხვისი შვილიც.“ - ლაურა ჯიმშელეიშვილი
     
  • ,,იყო დედა ნიშნავს "იყო მომავლის ხუროთმოძღვარი ,რომელსაც უანგაროდ უყვარს თავისი შექმნილი, წრფელი სიყვარულით. დედა ეს გახლავთ ღმერთის სახელი შვილების გულში"“ - მზია ლემონჯავა
     
  • ,,იყო დედა, ერთი მხრივ, ნიშნავს, გადაიაზრო საკუთარი ცხოვრების არსი სრულიად ახლებურად და, მეორე მხრივ, მიიღო უდიდესი სიხარული და ბედნიერება ახალი სიცოცხლის ამქვეყნად მოვლინებითა და მისი შენს თვალწინ გაზრდა-განვითარებით.“ - ანა მუშკუდიანი
     
  • ,,ჩემთვის დედობას თან ახლავს უდიდესი სიამოვნება და სიხარული, რომელიც აქამდე არასდროს განმიცდია, თუმცა, იგივე შეიძლება ითქვას ტკივილსა და განსაცდელზე. როდესაც შენს შვილს სტკივა, შენ უფრო მეტად იტანჯები, მაგრამ როდესაც ბედნიერია, შენ, თითქმის, ტირილმდე მიდიხარ სიხარულისგან. დედობა აორმაგებს ჩვენს ემოციებს და შლის საზღვარს შეუძლებელსა და შესაძლებელს შორის.“- ხათუნა ცაგურიშვილი
     
  • ,,დედად ყოფნა? ცხოვრებაში როგორი კრიზისული პერიოდიც არ უნდა მქონდეს, ენით გამოუთქმელ ძალას მაძლევს ეს ტიტული, რადგან ახლა სამყაროში ვართ მე და ჩემი შვილები! შვილები, რომლებიც ყველაზე მეტად დედას ენდობიან და მისი იმედი აქვთ! და როგორ ფიქრობთ, მაქვს სისუსტის უფლება? მე ვფიქრობ, რომ არავითარ შემთხვევაში! ამიტომაა ჩემთვის დედობა: ყველაზე დიდი ძალა და სიყვარულის გრძნობა, ყველაზე მაღალ ხარისხში.“ - თინათინ მენბდე
     
  • ,,იყო დედა - ეს დიდი საჩუქარია უფლისგან ჩემთვის. სიხარული და ბედნიერებაა დედობა, ყველა ტკივილს კურნავს. ასევე, უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. ხუმრობა ხომ არ არის უფლისაგან მობარებული შვილების ღირსეული აღზრდა.“ - ქეთი ოთარაშვილი
     
  • ,,დედობა პირველ რიგში უზარმაზარი ბედნიერება და სიხარულია, იმის აღქმაა, რომ შენი სიცოცხლე შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანში გრძელდება... დედობა დიდი პასუხისმგებლობაცაა, შვილის სწორად აღზრდის პასუხისმგებლობა, მისთვის მოყვასის სიყვარულისა და მიტევების სწავლება, იმის სწავლება, რომ ჩვენი ცხოვრება პატარ-პატარა ბედნიერებებისგან შედგება და მათი დანახვა და დაფასება უნდა შეგვეძლოს...“ - დალი კერესელიძე
     
  • ,,ჩემთვის "დედის" სტატუსი ყველაფერზე მნიშვნელოვანია... ყველაზე მეტად ძლიერს და ამაყს რომ მხდის, ჩემი გოგოების დედობაა...“ - სოფო ლომიძე
     
  • ,,იყო დედა, ეს უდიდესი ბედნიერებაა და უსაზღვრო სიხარულისა და სიყვარულის განცდა. იყო დედა- ეს დიდი პასუხისმგებლობის განცდაა. მატერიალურ მხარეზე ზრუნვის გარდა, მშობლის და, ამ შემთხვევაში, დედის დიდი პასუხისმგებლობაა ასწავლოს შვილს ადამიანის მიმართ სიყვარული, პატივისცემა და ჰუმანურობა... იყო დედა - ეს ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარია.....“ - მაია ხანიაშვილი
     
  • ,,იყო დედა ნიშნავს იყო გმირი გმირთა შორის. დარწმუნებული ვარ ყველა დედა პირდაპირ სამოთხეშ ხვდება.“ - ხათუნა კუჭაშვილი
     
  • ,,დედობა პროფესიაა, რომელიც ყველა პროფესიას მოიცავს თავის თავში და რომელიც შვებულებას არ ექვემდებარება არც ერთი წამით. ჯარისკაცივით სულ მზადყოფნაში უნდაა იყო როგორც პირადი, ისე იმდენი ადამიანის ცხოვრებისთვის რამდენი შვილის დედაც ხარ.“ - პირიმზე წიკლაური
     
  • ,,იყო დედა ნიშნავს, იყო შვილებისთვის კარგი მეგობარი და სამაგალითო შვილების აღმზრდელი.“ - მაკა ხარებაშვილი
     
  • ,,იყო დედა ნიშნავს, იცხოვრო შვილის ცხოვრებით... გიხაროდეს... გტკიოდეს... გიყვარდეს მხოლოდ მისი თვალებით...“ - მაია კობერიძე
     
  • ,,დედა - ამ ძვირფას სიტყვაში ჩაქსოვილია ყველაფერი ის, რაც გვაფაქიზებს, გვამაღლებს და გვაამაყებს. წარმოსთქვამ "დედას" და თვალწინ გვიდგება ადამიანი, რომელიც მთელ თავის სიცოცხლეს შვილების კეთილდღეობას ანდომებს: ცხოვრობს შვილების ცხოვრებით, სუნთქავს მათი სუნთქვით, ხედავს მათი თვალებით. დედის გული ზღვა არის სიყვარულისა და სიკეთისა.“ - ირმა ხანიაშვილი
     
  • ,,დედობა არის ბედნიერება, რომელიც არ გტოვებს, სიცოცხლის აზრი და არაამქვეყნიური, უპირობო და უსაზღვრო სიყვარული.“ - თამუნა შალოშვილი
     
  • ,,იყო დედა ნიშნავს იყო ძლიერი, მზრუნველი და ყურადღებიანი ქალი. როცა ხარ დედა უნდა იცხოვრო შვილის მომავალზე ფიქრით. დედა შვილისთვის საამაყო და სამაგალითოა, ამიტომ უნდა გქონდეს ძალა გაუმკლავდე ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს და გაზარდო შვილი ძლიერ და წარმატებულ ადამიანად.“ - თიკო ქელდიშვილი
     
  • ,,დედაშვილობა - სიცოცხლის ზღაპარია.“ - სოფო კობერიძე
     
  • ,,განუსაზღვრლია დედის როლი ოჯახის კეთილდღეობისა და შვილის აღზრდის საქმეში. იყო დედა - დიდი პასუხისმგებლობაა უფლისა და ერის წინაშე. დედა ხიდია , ნუგეშია თავისი შვილის ბედნიერი მომავლისათვის. დედის ლოცვას საიდუმლო ძალა აქვს უფლისაგან ბოძებული.დედის დღე გაზაფხულის დასაწყისია - ერთიც და მეორეც კი სიცოცხლის საწყისი.“ - ნათია ხერკელაძე
     
  • ,,დედობის განცდა ანუ შვილის სიყვარული ეს ყველა გრძნობის, ყველა სიყვარულის შემავსებელი, სავსე და ყველაფრის, ყველა გრძნობის მომცველია.“ - ლიკა ლაჩაშვილი
     
  • ,,დედობა უმშვენიერეისი გრძნობაა, უთვალავი დარდით, ტკივილით, უზარმაზარი შრომით, მაგრამ ამავე დროს სიხარულით, სიამაყითა და ბედნიერების გრძნობით დატვირთული. ეს აუწონავი და შეუცვლელი გრძნობაა.“ - ინგა ლაზარია
     
  • ,,როცა გაივსები სიყვარულით და ახალ სიყვარულს გააჩენ , თავბრუს დაგახვევს აქამდე უცნობი გრძნობა და კიდევ გააჩენ , ის კიდევ სხვა ფერის სიყვარული აღმოჩნდება. შემდეგი კიდევ სხვა ფერი, ისიც აქამდე უცნობი ფერი და მეოთხე ღმერთის სასწაულზე ხვდები, რომ ამ ბედნიერებას არ შეედრება არაფერი. ჩემთვის დედობა სიყვარულია.“ - ნანა ჩოხელი


 

 

 

მსგავსი სიახლეები