სიახლეები

პირველ კლასში მიდის თქვენი პატარა?

23 აგვისტო 2021

პირველი დღე სკოლაში როგორც პატარებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვისაც საოცარი ემოციებით არის სავსე .

პირველი დღე ნიშნავს ახალ გარემოს, ახალ მეგობრებს და ნაწილობრივ, დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისსაც.

კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენ ჯერ კიდევ საკმაო დრო გაქვთ იმისთვის, რომ პატარები მოამზადოთ პირველი დღისთვის. ჩვენ, კი ტრადიციულად რამდენიმე საინტერესო მეთოდს გაგიზიარებთ.

  • სკოლის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დაიწყეთ მისთვის ძილის რეჟიმის მოწესრიგება, შეაჩვიეთ თქვენი პატარა ადრე დაძინებასა და ადრე გაღვიძებას.
  • შეაჩვიეთ დილის რუტინას - გაღვიძების შემდგომ, თავად უნდა შეძლოს ხელების დაბანა, კბილების გაწმენდა. მიაჩვიეთ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გახდა-ჩაცმასა და საკუთარი ნივთების შენახვას.
  • მოარგეთ ბავშვს სასკოლო უნიფორმა, აღნიშნეთ, რომ შესანიშნავად გამოიყურება და ასწავლეთ, რომ მას უნდა გაუფრთხილდეს.
  • ჩვეულებრივი სადილის ნაცვლად, შეფუთეთ ლანჩი სადილის ყუთში. ასწავლეთ თქვენს პატარას სადილის ყუთის გამოყენება და დამოუკიდებლად ჭამა.
  • სასკოლო ნივთები შეიძინეთ შვილთან ერთად. შეარჩიეთ შედარებით ბიუჯეტური ადგილი, სადაც ნივთებს შეიძენთ და წადით პატარასთან ერთად, რათა იგრძნოს, რომ მისთვის ყიდულობთ და ამ ნივთებზე, პასუხისმგებლობა აკისრია.
  • მოამზადეთ თქვენი სახლი - პატარასთან ერთად, მოაწყეთ სივრცე, სადაც იმეცადინებს და სასკოლო ნივთებს შეინახავს. გამოყავით ადგილი, სადაც შეინახავს ზურგჩანთას და ყოველთვის ეცოდინება, საიდან აიღოს და სად დადოს.
  • კარგი იქნება, თუკი გაიცნობთ თქვენი შვილის რომელიმე მომავალ თანაკლასელს და მის მშობლებს. სწავლის პირველ დღეს ძალიან სასიამოვნო იქნება თქვენი პატარასთვის ნაცნობი სახეების დანახვა. თანაც, სოციალურ ქსელების დახმარებით, ნამდვილად არ გაგიჭირდებათ მათი მოძებნა.
  • ხშირად უხსენეთ მასწავლებლის სახელი, ესაუბრეთ შვილს მათზე, რათა პედაგოგების სახელები სწავლის დაწყებისას მისთვის უკვე კარგად ნაცნობი იყოს.
  • და ბოლოს, აუცილებლად, ეწვიეთ სკოლას - თუ სკოლა უფლებას მოგცემთ, ეწვიეთ სკოლის ტერიტორიას რამდენჯერმე თქვენს პატარასთან ერთად. შეიძლება ვერ შეძლოთ შიდა სასკოლო სივრცეში შესვლა, მაგრამ დაათვალიერებინეთ მას ტერიტორია, რისი საშუალებაც გაქვთ. აჩვენეთ სკოლის შესასვლელი, სადაც მიაცილებთ და სადაც, დაელოდებით მას, გაკვეთილების შემდეგ.

გიმნაზია „შავნაბადა“ მოუთმენლად ელოდება თქვენთან შეხვედრას!

მსგავსი სიახლეები