სიახლეები

რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით მასწავლებელი?

05 ოქტომბერი 2019

მასწავლებლის დღის აღსანიშნავად, ჩვენს რამდენიმე მასწავლებელს ერთი შეკითხვა დავუსვით: რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით მასწავლებელი?

  • დავით ნაჭყებია, ქართული ენის მასწავლებელი:
    ამ გადაწყვეტილების უპირველესი მიზეზი, ალბათ, შინაგანი წადილია. პირადად მე მსურს შეძლებისდაგვარად გავუღვივო მოსწავლეებს ეროვნული თვითშეგნება. ჩემი სკოლაში მოსვლის ძირითადი მიზეზი ესაა. გარდა ამისა, მსიამოვნებს თვითონ საგაკვეთილო პროცესი (ფორმალობებისგან განსხვავებით, რომლებიც ნამეტნავად მტანჯავს). ზოგადად, დიდი სიამოვნებაა, როცა ემსახურები იმ საქმეს, რომელიც გიყვარს.
     
  • მადონა ფოჩხუა, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი:
    ჩემი მასწავლებლობა განაპირობა ოჯახური ტრადიციების გაგრძელებამ: ბაბუა, დედის მამა, ქართულის მასწავლებელი იყო. დედა დღემდე ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას, ბავშვობაში მოთხრობილი საინტერესო ამბები მხიბლავდა და ლიტერატურის სიყვარულით დღემდე ვაგრძელებ ცხოვრების გზას, მომწონს და მიყვარს ჩემი საქმე,  ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ მასწავლებელი ვარ ... "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."
     
  • მაია კობერიძე, ქართული ენის მასწავლებელი:
    მინდოდა, ვყოფილიყავი ჩემი მასწავლებლის მსგავსი და ახლაც მას ვბაძავ.
     
  • პირიმზე წიკლაური, ხელოვნების მასწავლებელი:
    მასწავლებლობაზე როცა დავფიქრდი, მეც იგივე კითხვა დავუსვი ჩემს თავს და მივხვდი, რომ ბავშვობასთან მობრუნება მომინდა, ჩემი ემოციებისა და გამოცდილების მათთვის გაზიარება. როცა მათ წინ ვდგავარ, მინდა ზუსტად ისეთი ემოცია, სიხარული და ბედნიერება გავატანო ჩემი გაკვეთილიდან, როგორსაც მე განვიცდიდი ამავე გაკვეთილზე, როცა მათი ტოლი ვიყავი.
     
  • მაია გოდუაძე, მეტყველების მასწავლებელი:
    ჩემი სურვილი იყო, ბავშვებისთვის სწორად მეტყველების კულტურის მხრივ ის განათლება მიმეცა, რომელიც მთელი ცხოვრება გამოადგებოდათ.
     
  • დალი კერესელიძე, გერმანული ენის მასწავლებელი:
    გულახდილად გეტყვი, მასწავლებლობაზე არასოდეს მიფიქრია. ბავშვობაშიც კი არ მითამაშია მასწავლებლობანა. გიმნაზიაში გასუბრებაზე ინტერესის გამო მოვედი. ვიფიქრე, მოვსინჯავ, შევძლებ თუ არა-მეთქი და მას შემდეგ 16 წელია აქ ვარ. ვფიქრობ, რომ ბავშვების სიყვარულმა შთამაგონა, გავმხდარიყავი მასწავლებელი, რადგან ბავშვები ჩვენზე, მოზრდილებზე გაცილებით გულწრფელნი და უშუალონი არიან. გარდა ამისა, ძალიან სასიამოვნოა, როცა გარშემო მყოფებს იმას ასწავლი, რაც ძალიან გიყვარს.
     
  • სოფო ლომიძე, მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი:
    მომავალი თაობის სწორად აღზრდაში მონაწილეობის მიღება  ჩემთვის დიდი  პასუხისმგებლობაა და ეს სიამოვნებას  მანიჭებს.
     
  • თინათინ ფაცურია, დაწყებითი კლასის მასწავლებელი:
    ძალიან მიყვარს ბავშვები და მახარებს მათთან ყოფნა. მათგან უდიდეს დადებით ემოციას ვიღებ.
     
  • თამარ გოგალაძე, ინგლისური ენის მასწავლებელი:
    ბავშვებისა და ჩემი პროფესიის სიყვარულმა.
     
  • დავით კალატოზიშვილი, ბიზნესის კლუბის ხელმძღვანელი:
    მინდოდა, ჩემი გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდებისათვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყების წინ.
     
  • ანი ნასყიდაშვილი, ხელოვნების კათედრის ხელმძღვანელი:
    მეგობართან ერთად მარტვილში წავედი ტურით. სამარშრუტო მიკროავტობუსში მშობლებს ბავშვები ჰყავდათ წამოყვანილი. ჩვენ ბევრი ვიყავით, ისინი - ცოტანი, მაგრამ მთელი მიკროავტობუსი "მძევლად" აიყვანეს, მძღოლის ჩათვლით.
    ბავშვებს დავუახლოვდი, გამოვკითხე ამბები და მთელი გზა ისე გავართე, რომ ცალკე მშობლები მიესვენნენ მოცელილნი, ცალკე - დანარჩენები. მთელი დღე კარგად გავერთე მათთან და ბოლოს მთავარი -  მშობლებისგან კითხვა: - თქვენ, ალბათ, პედაგოგი ბრძანდებით...
    - "უი, რას ამბობთ! რატომ გეგონეთ?"
    - "ამ ბავშვებს ისე უცებ მოუნახეთ გასაღები, მეგონა, ამ საქმეში დახელოვნებული იყავით..."
    ამის მერე დიდხანს ვფიქრობდი, რატომაც არა, შემიძლია ვასწავლო ის, რაც ვიცი და მიყვარს. მომწონს ბავშვებთან ურთიერთობა. სულ ეს იყო, მერე უკვე ოფიციალური პროცედურები და "შავნაბადა" ჩემს ცხოვრებაში.
     
  • ლიკა ლაჩაშვილი, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მასწავლებელი:
    ჩემთვის პედაგოგობა საჭიროებამ განაპირობა. ძალიან მინდოდა ჩემს შვილებს ისეთი პედაგოგი ჰყოლოდათ, როგორიც მე მინდოდა. ანუ ოჯახს ჩაანაცვლებდა და თან მცირედსაც ასწავლიდა.
     
  • მიხეილ ლაბარტყავა, ქიმიის მასწავლებელი:
    ჩემი წინაპრები (დიდი ბებია და დიდი ბაბუა) დაწყებული 1860 წლიდან იყვნენ პედაგოგები, ჩემი ბებია და ბაბუა ასევე პედაგოგები (ორივე ლენინის ორდენოსანი), მამა სახელმძღვანელოების ავტორი(რუსული ენა), დედა პედაგოგი-ღირსების ორდენის კავალერი. მე ამ გარემოში ვიზრდებოდი ბავშვობიდან და ვთვლი, რომ ეს ყველაზე კეთილშობილური საქმიანობაა, ამასთან, თვითონ შენთვის, ძალიან ბევრი სიხარულის მომტანი.

მსგავსი სიახლეები