სიახლეები

გიმნაზიელები #სახლიდან

08 აპრილი 2020

პირიმზე მასწავლებელს  ხელოვნების კაბინეტი ძალიან მოენატრა და ვერც კი წარმოედგინა რომ გაკვეთილების ჩატარება თავისი მოსწავლეებისთვის სახლიდან მოუწევდა. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის ფონზე, გიმნაზია „შავნაბადა“ პირველივე დღიდან აქტიურად ჩაერთო ონლაინ სასწავლო პროცესში და პირიმზეც თამამად შეხვდა ახალ გამოწვევებს.

პირიმზე წიკლაური გიმნაზიაში ხელოვნებას ასწავლის, ამჟამად დისტანციურად. ჰყავს სამი შვილი, მათგან ორი შავნაბადელი და თამამად ვიტყვით, რომ დილიდან მთელი ოჯახი აქტიურად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
როგორია შავნაბადელობა #სახლიდან, პირიმზე მასწავლებელი თავის ინტერვიუში მოგვიყვება.

  • დიდი მადლობა, პირიმზე მასწავლებელო, დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ჩვენთვისაც გამონახეთ დრო. როგორ შეხვდით ცვლილებებს და როგორ მიმდინარეობს თქვენი საგაკვეთილო პროცესი დისტანციურად: 
    ონლაინ გაკვეთილები მართლაც სიახლე და ერთი შეხედვით, მარტივი გამოწვევა იყო  პირადად ჩემთვის. ამ მეთიდით სწავლებასაც დიდი  ინტერესით, პასუხისმგებლობით, ყურადღებით და მონდომებით ველოდებოდი. ხელოვნების გაკვეთილები, როგორც ყოველთვის ვცდილობთ გაჯერებული იყოს მრავალფეროვნი, სახალისო ინფორმაციით, პრაქტიკული ნაწილით და რა  თქმა უნდა, ეროვნული  სასწალო გეგმით გათვალისწინებული პროგრამით, მიზნებითა და შედეგებით.
  • მოსწავლეებთან რა ბარიერებს წააწყდით? რამდენად დადებითად ან უარყოფითად შეიცვალა მდგომარეობა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლიდან დღემდე?
    ადაპტაციის პერიოდი ცოცხალი გაკვეთილებიდან, ონლაინ გაკვეთილებზე გადასვლის ყველამ ერთად გავიარეთ მოსწავლეებმაც და მასწავლებლებმაც. ახალი სივრცე, გარკვევა პროგრამაში, საგაკვეთილო წესების შემუშავება, იყო შფოთი, გაუგებრობა, ტექნიკური ხარვეზები. მოკლედ დიდი ვნებათაღელვა. ამჟამად, ბავშვები უკვე ნელ-ნელა ეჩვევიან მსგავს გაკვეთილებს. აუცილებლად აღსანიშნავია ჩემი მხრიდან ბავშვების მეტი დამოუკიდებლობა! ეს ბარიერი და დისტანცია თითქოს მათ უნარებზეც ახდენს გავლენას, უფრო მობილიზებულები, ყურადღებიანები და მეტად დამოუკიდებლები არიან,  ვიდრე იყვნენ გუშინ, ეს ეხება ყველა ჩემს გიმნაზიის მოსწავლეს.
  • რამდენად აქტიურად არიან ჩართულნი მშობლები საგაკვეთილო პროცესში? 
    ძალიან აქტიურები არიან. მე ვფიქრობ, ეს ბრძოლა, რთული პერიოდი და განსაცდელი ყველამ ერთად, ერთმანეთის თანადგომით, ურთიერთგაგებით, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ყველამ ერთად უნდა გავიტანოთ და ბოლოს ავაფრიალოთ თეთრი ალმები.  მე I, II, III და IV კლასებს ვასწავლი. ძირითადად I და II კლასის ბავშვს, რომლებსაც კლასშიც, საკლასო ოთახის კედლებში  ჩატარებულ გაკვეთილებზეც სჭირდებოდათ დახმარება, გვერდში დგომა, გამხნევება და მოტივაციის ამაღლება. ისინი ახლაც ითხოვენ ამას და საკმაოდ დიდი ბარიერია ეკრანი ამისთვის, თუმცა, გამოჩნდნენ და ჩვენს გვერდში არიან ზოგგან დედიკოები, ბებიკოები, ზოგჯერ მამიკოებიც და ბაბუკოებიც, რომლებიც მე არ მენახებიან ,ეკრანებს მიღმა სხედან და  ჩვენს პატარებს სირთულეების გადალახვაში ეხმარებიან. უღრმესი მადლობა მათ ასეთი ჩართულობისთვის.
  • პირად სივრცეშიც უნდა შემოგეჭრათ, როგორია თქვენი სამუშაო დღე, იმას თუ გავითვალისწინებთ რომ სამი შვილის დედა ბრძანდებით, მათგან ორი შავნაბადელია და საკუთარი გაკვეთილები აქვთ, როგორ ახერხებთ ბალანსის დაცვას, თქვენს გამოცდილებაზე გვესაუბრეთ? 
    რაღა დაგიმალოთ და სახლიდან მუშაობა, პირადად ჩემთვის გაასმაგებული შრომაა, მაგრამ უკან არასდროს ვიხევ. დიახ, სამი ბიჭი გვყავს ოჯახში, ორი გიმნაზიელი და ჩვენი სამუშაო დღე როგორც აქამდე იყო ახლაც იწყება გიმნაზია შავნაბადათი.ისინი თავისი ცხრილის მიხედვით უკვე დამოუკიდებლად ერთვებიან თავიანთ გაკვეთილებზე და მე ჩემს მომლოდინე ბავშვებს ვუერთდები მათთვის მომზადებული გაკვეთილებით.ეს ყველაფერი დღის პირველ ნახევარში. ამის შემდეგ გვიერთდება პატარა ძმა მამასთან ერთად, რომლებიც ერთად ატარებენ ამ პერიოდს, რომ ჩვენ ხელი არ შეგვეშალონ (ხანდახან შემოსეირნებებს თუ არ ჩავთვლით ) და ერთად ვთამაშობთ, ვსადილობთ სხვადასხვა აქტივობებს ვახორციელებთ და შემდეგ ისევ ვუბრუნდებით ბიჭების დავალებების მომზადებას და ჩემი მომდევნო გაკვეთილის დეგმვას. ამასობაში ძილის დროც გვიახლოვდება და ვემზადებით შემდეგი დღისთვის.
  • ჩვენი საზოგადოებისთვის, მგონი ძალიან საინტერესო იქნება თქვენი რჩევები, რა გამოცდილება მიიღეთ და რას გაგვიზიარებთ ჩვენ?
    მგონია, რომ დღეს ყველა, მთელი სამყარო ერთ ნავში ვსხედვართ და ყველამ კარგად უნდა გააანალიზოს, გაითავისოს, გადააფასოს შექმნილი მდგომარეობა, ვითარება და რა არის ახლა მთავარი, მნიშვნეოლოვანი და უმნიშვნელოვანესი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, გადარჩენა და ამ მდგომარეობიდან გამარჯვებული გამოსვლაა სხვა დანარჩენზე ... ყველაფერი გაივლის და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით.

არ დაგვავიწყდეს ჩვენ გვიყურებენ ჩვენი შვილები იმედის თვალებით. ძალიან კარგი დროა მათთან დროის გასატარებლად, უკეთ გასაცნობად, ახალი ამბების ერთად გასაგებად, წასაკითხად, ფილმების, მუტფილმების სანახავად. ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები და ეხლა არის ის დრო რომ ამ მდგომარეობას დადებითი კუთხით მივუდგეთ და ნაყოფიერად გამოვიყენოთ როგორც ჩვენთვის,  ისე ჩვენი შვილებისთვის.
ჯანმრთელობას და სიმშვიდეს გისურვებთ.
თქვენი პირიმზე მასწავლეაბელი.
 

მსგავსი სიახლეები