სიახლეები

დაუნის სინდრომი: მითი თუ რეალობა

21 მარტი 2020

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. დაუნის სინდრომი არის ქრომოსომული პათოლოგია, რომლის დროსაც ადამიანს 46-ის ნაცვლად 47 ქრომოსომა აქვს. სინდრომი არის ერთობლივად გამოვლენილი ნიშნების (სიმპტომების) ერთობლიობა, რომლებსაც საერთო მიზეზი აქვს. ამ  მდგომარეობის  მახასიათებლები პირველად ინგლისელმა ექიმმა ჯ.დაუნმა აღწერა და სახელწოდებაც აქედან მიიღო.

დაუნის სინდრომსა და ამ სინდრომის მქონე ადამინებთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს. გიმნაზია "შავნაბადას" ფსიქოლოგი, ქალბატონი თამარ ჯინჭარაძე დაგვეხმარა და რამდენიმე მათგანი წარმოგვიდგინა:

  • მითი: დაუნის სინდრომი იშვიათი დაავადებაა.
    სინამდვილე: დაუნის სინდრომი ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადებაა და ყოველწლიურად საშუალოდ ყოველ 1000 ბავშვში 1 სწორედ აღნიშნული სინდრომით იბადება.
  • მითი:  დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირეა.
    სინამდვილე: ბოლო წლებში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაუთანაბრდა მათი სხვა თანატოლების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობას, რასაც ხელი შეუწყო მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებების ხელმისაწვდომობის ზრდამ.
  • მითი: დაუნის სინდრომი გენეტიკურია და მემკვიდრეობით გადადის.
    სინამდვილე: დაუნის სინდრომი გენეტიკურადაა განპირობებული შემთხვევათა მხოლოდ 1 პროცენტში. დანარჩენი 99 პროცენტის შემთხვევაში კი იგი არ ატარებს გენეტიკურ ხასიათს.
  • მითი: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების უმეტესობას ასაკოვანი მშობლები ჰყავთ.
    სინამდვილე: მშობლების ასაკის ზრდასთან ერთად დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის გაჩენის ალბათობა და რისკი იზრდება, თუმცა ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების უმეტესობას 35 წლამდე ასაკის მშობლები ჰყავთ. ეს ფაქტი იმით აიხსნება, რომ აღნიშნულ ასაკამდე ბავშვის გაჩენის მაჩვენებელი უფრო მაღალია.
  • მითი: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს მნიშვნელოვანი ინტელექტუალური შეფერხება აქვთ.
    სინამდვილე: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უმეტესობას აქვს მსუბუქიდან საშუალო ხარისხის ინტელექტუალური განვითარების შეფერხება, რაც განაპირობებს აბსტრაქტული აზროვნებისა და განზოგადების სიძნელეებს, სწავლის ნელ ტემპს, თუმცა  არ გამორიცხავს განვითარების, ახალი უნარების დასწავლის,  დამოუკიდებელი ცხოვრებისა და  ფუნქციონირების  შესაძლებლობებს.
  • მითი: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები მხოლოდ და მხოლოდ სპეციალურ სკოლაში  უნდა სწავლობდნენ.
    სინამდვილე: საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური პროგრამის არსებობის შემთხვევაში, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ჩართვა შესაძლებელია ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში. აღნიშნული რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანომდებლობითა და ეროვნული სასწავლო გეგმით.
  • მითი: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების დასაქმება შეუძლებელია.
    სინამდვილე: მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, დაუნის სინდრომის მქონე პირების  დიდი ნაწილი დასაქმებულია სხვადასხვა სექტორში (მაგალითად რესტორნები, სასტუმროები, კლინიკები, გართობის ინდუსტრია  და ა.შ.)
  • მითი: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ყოველთვის ინარჩუნებენ კარგ გუნება-განწყობილებას.
    სინამდვილე: დაუნის სინდომის მქონე ადამიანები, თითოეული ჩვენგანის მსგავსად ემოციების მთელ სპექტრს განიცდიან და მათ ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებსა თუ ადამიანებზეც როგორც დადებითი ისე უარყოფითი ემოციებით რეაგირებენ. მაგალითად,  დადებითად რეაგირებენ მათდამი მეგობრულ დამოკიდებულებაზე და აღიქვამენ და  სწყინთ მათ მიმართ გამოვლენილი უხეში ან უპატივცემულო მოპყრობა.
  • მითი: დაუნის სინდრომის მქონე პირებს არ გააჩნიათ ახლო ურთიერთობის დამყარების უნარი.
    სინამდვილე: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ მეგობრობის, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და სოციალიზაციის სხვა უნარები. მათი ნაწილი ქმნის ოჯახს ან აგრძელებს პარტნიორულ თანაცხოვრებას მოზრდილ ასაკში.

გახსოვდეთ, დაუნის სინდრომი არ არის დაავადება, რომელიც გადამდებია... დაუნის სინდრომი არის მდგომარეობა!

მსგავსი სიახლეები