სიახლეები
მოვემზადოთ გამოსაშვები წლისთვის
15 ოქტომბერი 2024
გამოწვევებით სავსე, დატვირთული და საინტერესო წელი დაიწყო აბიტურიენტებისთვის, უნდა აირჩიონ მომავალი პროფესია და შეძლონ საკუთარი შესაძლებლობებისა და ცოდნის წარმოჩენა.
- გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი ცხოვრებაა და გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობაც ყველაზე მეტად თავად გეკისრებათ. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რა არის ის საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება სიამოვნებით გააკეთებთ, ამიტომ, მოუსმინეთ სხვებს, თუმცა გადაწყვეტილება მიიღეთ თავად.
- ნუ დაიშურებთ ძალებს გამოცდაზე მაქსიმალური შედეგის მისაღებად. ეს სასწავლო წელი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია თქვენი მომავალი ცხოვრებისთვის, ვიდრე რომელიმე სხვა. შთააგონეთ საკუთარ თავს, რომ მაქსიმალურად დაიტვირთოთ გამოცდებზე სასურველი შედეგის მისაღებად. გვერწმუნეთ, როცა შრომის შედეგს დაინახავთ, მეცადინეობაში გათენებული ღამეებიც პოზიტიურად გაგახსენდებათ.
- გახსოვდეთ, რომ დატვირთული დღის შემდეგ დასვენებაც აუცილებელია. შეეცადეთ, საღამოობით სუფთა ჰაერზე ისეირნოთ, მოუსმინოთ საყვარელ მუსიკას. როცა დრო გექნებათ, მოინახულეთ მეგობრები და ესაუბრეთ მათ თქვენს მომავალ პროფესიასა და, ზოგადად, გეგმებზე. თუ შეძლებთ, კვირის უქმე დღეები ბუნებაში გაატარეთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. სულიერი სიმშვიდის შენარჩუნება მიზნების მიღწევაში აუცილებლად დაგეხმარებათ.
და აუცილებლად წაიკითხეთ რჩევები, რომელიც ჩვენმა მასწავლებლებმა მოგიმზადეს:
- „პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები საკუთარ შესაძლებლობებში იყვნენ დარწმუნებული, რაც, რა თქმა უნდა, დიდი შრომის შედეგად მოდის. თუნდაც ცოტ-ცოტა, მაგრამ ყოველდღიური მეცადინეობა ძალიან ეხმარება ბავშვებს თავიანთი მიზნების მიღწევაში. დროის მენეჯმენტის სწორად გადანაწილება ხელს შეუწყობს მათ წარმატებას. ვფიქრობ, მორალური თანადგომაც ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს ასრულებს ასეთ დროს და სასურველია, ბავშვები გრძნობდნენ, რომ იმედი აქვთ, სჯერათ და ენდობიან მათ.“- ხათუნა გულუა
- „ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აბიტურიენტებს შემიძლია ვურჩიო ისაა, რომ მონდომებითა და თავდაუზოგავი შრომით მიიღება შედეგი. თუ წინა წლებში სწავლა გეზარებოდა, ეს არ ნიშნავს მარცხს - ერთწლიან სისტემატურ მუშაობასაც კი შეუძლია სასურველ მიზნამდე მიგიყვანოს. მთავარია, მოინდომო.“ - ნათია სეფიაშვილი
- „აბიტურიენტობა არის დასაწყისი ცხოვრების დიდ გზაზე გასასვლელად, მეთორმეტეკლასელი უკვე იწყებს ფიქრს სამომავლოდ, უნდა აირჩიოს პროფესია და ამიტომ სწავლის პროცესსაც მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება, ამ დროს აუცილებელია თანადგომა მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან. უპირველესი, რასაც ვურჩევ ჩვენს აბიტურიენტებს, ისაა, რომ უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე და იკითხონ ბევრი, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება მხოლოდ ლიტერატურას... ყველა საგანში საჭიროა გაცილებით მეტი ცოდნის დაგროვება, ვიდრე აქამდე. ვთვლი, რომ ბავშვი იყოს ლაღი, მხიარული და ბედნიერი, მეცადინეობამ არ უნდა დათრგუნოს, ხშირად მშობლებს ჰგონიათ, თუ მოსწავლეს საერთოდ არ ექნება დრო და ყველა საგანს თავაუღებლად იმეცადინებს, წარმატებას მიაღწევს... სინამდვილეში პირიქით ხდება. ყველა საქმეშია ზომიერება აუცილებელი, ბავშვი აბიტურიენტობის დროსაც ხალისით უნდა აკეთებდეს თავის საქმეს... ,,შავნაბადას“ აბიტურიენტების შედეგებით ყოველთვის კმაყოფილი ვარ ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ეს მაძლევს თამამად იმის თქმის საშუალებას, რომ თუ გულდასმით, რჩევების გათვალისწინებით იმეცადინებთ და ამავე დროს, ცოტას გაერთობით კიდეც, -ნახავთ ფილმებს, მოუსმენთ მუსიკას, ისეირნებთ ბუნებაში... ყველაფერი ძალიან კარგად იქნება!...“ - მადონა ფოჩხუა
- „მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, კარგად გაიაზრონ და გააცნობიერონ,რა სურთ, რა სფეროში ხედავენ საკუთარ თავს და მხოლოდ ასე აირჩიონ პროფესია. რეალისტურად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები და რაც მთავარია, არ დაიშურონ დრო და ენერგია მაქსიმალური შედეგის მისაღებად.. მოსწავლე, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებსა და მიზნებში, აუცილებლად მიაღწევს საწადელს. მეტი დრო და ენერგია დაუთმოს სუსტი მხარეების გაუმჯობესებას და რაციონალურად გამოიყენოს უნარები და.შესაძლებლობები." - ლალი კიკნაძე
- „აბიტურიენტობის წელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ახალგაზრდების ცხოვრებაში, როდესაც უწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, აირჩიონ მომავალი პროფესია და შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების და ცოდნის წარმოჩენა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამ დროს რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:
- ეროვნული გამოცდები აბიტურიენტმა ჩათვალოს საუკეთესო საშუალებად, რათა წარმოაჩინოს საკუთარი ცოდნა და უნარები, რომლებიც დააგროვა სკოლაში სწავლის პერიოდში.
- ეროვნული გამოცდები აღიქვას როგორც შესაძლებლობა ოცნების პროფესიის დასაუფლებად.
- აბიტურიენტმა ადეკვატურად შეაფასოს საკუთარი უნარები და შესაძლებლობები, რომლებიც მნიშვნელოვანია მომავალი პროფესიის არჩევისას. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ მაქსიმალურად გამოიყენონ აბიტურიენტობის წელი საკუთარი უნარებისა და ცოდნის მობილიზებისთვის. ვუსურვებ, შეძლონ ეროვნულ გამოცდებში მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი თავი, რასაც ნამდვილად მიაღწევენ შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობით.“ - მაკო ჩიტია
- „ძვირფასო აბიტურიენტებო, წინ გელოდებათ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო წელი. რა არის საჭირო წარმატებისთვის? მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, დროის სწორად განაწილება, ,,შავნაბადაში“ წლების განმავლობაში შეძენილი უნარები და ცოდნა დაგეხმარებათ წარმატებით გადალახოთ ყველა გამოწვევა და ბოლო შემაჯამებელი წელი ნაყოფიერად დაასრულოთ. გისურვებთ წარმატებებს.“ - მერი ონიკაშვილი
- „მთავარი საიდუმლო წარმატებული მომავლისათვის სურვილის ერთგულება და შრომისმოყვარეობაა...თავისუფალი აზროვნება ყალიბდება ადამიანური ურთიერთობებითა და სამოქალაქო ცნობიერების გააზრებით...აბიტურიენტი არის მომავალი პროფესიონალი, რომელზეც დამყარებულია საზოგადოების ცხოვრება...ყველაფერი გაიღეთ მომავალი პროფესიისათვის,რადგან ,,გულის სისხლს მოითხოვს საფასად" და სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს...იყო საუკეთესო პროფესიონალი, -დიდი ბედნიერებაა...“ - მაია კობერიძე
გიმნაზია „შავნაბადა“ წარმატებულ გამოსაშვებ წელს გისურვებთ!