სიახლეები
12 მარტიდან გიმნაზია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა
კორონავირუსის (COVID-19) თავიდან ასარიდებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) და საქართველოს მთავრობამ კერძო და საჯარო სტრუქტურებს სამუშაოს დისტანცირების რეკომენდაცია მისცა. გიმნაზია შავნაბადას მენეჯმენტმა გადაწყვიტა 12 მარტიდან თანამშრომლების დისტანციურ შრომის რეჟიმზე გადაყვანა და ამ გზით, საკუთარი გუნდის წევრების კორონავირუსის საფრთხისგან დაცვა.
სკოლამ იზრუნა როგორც ტექნიკური მოწყობილობებით მათ აღჭურვაზე, ასევე შესაბამისი online აპლიკაციის არსებულ ელექტრონულ პროგრამა Schoolbook-თან ინტეგრირებაზე.
„თანამშრომლებს აქვთ სრული მხარდაჭერა, თავიანთი მოვალეობები სახლიდან შეასრულონ. ციფრული ტექნოლოგიებისა და სამუშაო პლატფორმების გლობალური გავრცელება თავისთავად გვაჩვევს თანამშრომლებთან და მომხმარებელთან კომუნიკაციის არხების მოდერნიზებას“ - გიმნაზიის ადამიანური კაპიტალის მართვის ხელმძღვანელი.
ნათია (ფიზიკის პედაგოგი):
11 მარტს დავბრუნდი უცხოეთიდან, სადაც გაცვლით პროგრამაში ვიღებდი მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით საფრთხის შემცველ ქვეყანაში არ ვიმყოფებოდი, მაინც ძალიან მაწუხებდა სამსახურში დაბრუნების საკითხი. საბედნიეროდ, დამხვდა ონლაინ სწავლებისათვის სრულად მზადმყოფი გარემო და მეორე სასიხარულო ფაქტი - დამსაქმებლისათვის მდგომარეობის ახსნა არ დამჭირვებია. სკოლის მხრიდან ჩემს მიმართ მხოლოდ ერთი შეკითხვა იყო - „გაქვს შესაბამისი პირობები, რომ გაკვეთილი სახლიდან ჩაატარო, თუ საჭიროა რაიმე მოგაწოდოთ“? სიმშვიდით და სიხარულით ველოდები სასწავლო პროცესის გაგრძელებას. იმედი მაქვს, რომ ერთობლივი (მასწავლებელი-მოსწავლე) მონდომების შედეგად, მიმდინარე სამწუხარო პროცესები სწავლის ხარისხზე არ იმოქმედებს.
ანა (ქართული ენის პედაგოგი):
დისტანციურად მუშაობა ასეთ რთულ პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩემთვის და ჩემი მუცლად მყოფი შვილისთვის, არამედ ოჯახის სხვა წევრებისთვისაც. ერთი მხრივ, ეს ფიზიკურ, მეორე მხრივ კი, მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ასე უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს და უფრო მეტად მობილიზებული ვარ იმ საქმეზე, რომელსაც ვემსახურები. მიხარია, რომ სახელმწიფოც და ჩვენი ორგანიზაციაც ზრუნავს თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე.