სიახლეები

რეკომენდაციები მშობლებს COVID-19-თან დაკავშირებით

30 მარტი 2020

ქვეყანაში  არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამინები, მათ შორის ბავშვებიც, სწორად იყვნენ ინფორმირებული და იცოდნენ რა რისკები არსებობს ასეთ დროს.
როდესაც ბავშვს კორონა ვირუსზე ვესაუბრებით, აუცილებელია, გავითვალისწინოთ რამდენიმე რეკომენდაცია, რომელზეც ჩვენი ფსიქოლოგი, თამარ ჯინჭარაძე გვესაუბრა. გთავაზობთ მის რეკომნდაციებს უცვლელად:

,,უფროსებს აქვთ პასუხისმგებლობა დაიცვან ბავშვები სტრესისაგან. 

  • მათთან საუბარში გამოიყენეთ თქვენი შვილების ასაკისათვის შესაბამისი სიტყვები, დააკვირდით მათ რეაქციას და გაგებით მოეკიდეთ მათ განცდებს, რაც მთავარია არ გაუბათილოთ და თავი არ აარიდოთ იმ საკითხებს, რაზეც ისინი ღელავენ. როდესაც მშობელი  ბავშვს მშვიდად აწვდის რეალურ ინფორმაციას, ის ჯანსაღ დამოკიდებულებებს აყალიბებს. ტყუილმა და არასწორი ინფორმაციის მიწოდებამ შესაძლოა ბავშვში გაზარდოს შფოთვა და  ემოციურ პრობლემებამდე  მიიყვანოს.
  • არ დააშინოთ ბავშვი და არ შეუქმნათ ხელოვნური გარემო.
    ხშირად იმისათვის, რომ ბავშვმა სიფრთხილე გამოიჩინოს, მშობელი  მიმართავს მისი დაშინების მეთოდს - მას თითქოს ჰგონია, რომ შიში ბავშვს უფრო მობილიზებულს გახდის. სწორი მიდგომაა, რომ გასაგებ ენაზე ზუსტად ვუთხრათ რა რისკებთანაა დაკავშირებული ეს დაავადება და რა ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას იმისათვის, რომ თავად ბავშვი და მის ირგვლივ მყოფი ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ - ,,ვზრუნავთ საკუთარ თავზე, რომ ვიზრუნოთ სხვებზე’’.

 

  • სასურველია მშობლებმა სახლში არ შექმნან  ხელოვნური გარემო. შეინარჩუნონ მანამდე არსებული რეგულარული რუტინა და დღის განრიგი. ასევე, დაეხმარეთ მათ ახალ გარემოში ახალი განრიგის შექმნაში , მაგ.: ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში.
  • თუ მშობელი ხედავს, რომ ბავშვი იღებს გადაჭარბებულ და ნეგატიურ ინფორმაციას, საჭიროა ავუხსნათ, რომ ეს არ არის სიმართლე, რომ ვირუსი არ არის ყველაფრის დასასრული, განუმარტეთ, რომ ადამიანების უმრავლესობას ვირუსი მარტივად გადააქვს და შესაძლებელია განკურნება. ყურადღება გაამახვილეთ გამოჯამრთელებულთა სტატისტიკაზე. იმუშავეთ  ბავშვში  მედიაწიგნიერების განვითარებაზე, ესაუბრეთ ბავშვს, რომ  სხვადასხვა მედია საშუალებები სხვადასხვანაირად აშუქებენ ამა თუ იმ ინფორმაციას, აუხსენით მოზარდს რომელ წყაროს ენდოს, როგორ  და სად მოიძიოს სწორი ინფორმაცია, შესაძლებელია მიუთითოთ ასეთ წყაროებზეც (სასურველია წყარო იყოს ოფიციალური).
  • ასევე უნდ აღინიშნოს, რომ სასკოლო არდადეგების გახანგძლივებამ და სწავლების ონლაინ მოდელზე გადასვლამ შეიძლება ბავშვებში დაძაბულობა და სტრესი გამოიწვიოს, ვინაიდან შეზღუდვები ეხება გარეთ გასვლას და  ეზოში თამაშსაც. მნიშვნელოვანია, ბავშვებს ვესაუბროთ ონლაინ სწავლების საკითხზე, დავეხმაროთ მათ ამ ახალი  პლატფორმის ათვისებაში, რათა აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. დავანახოთ, რომ ეს იქნება მათთვის  ახალი და საინტერესო გამოცდილება, რაც ელექტრონულ მოწყობილობას, რომელსაც  აქამდეც აქტიურად იყენებენ, კიდევ სხვა კუთხით დაანახებს.
  • ასევე, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ სახლში ერთად ოჯახი ხალისიანად და სასიამოვნოდ ატარებდეთ დროს, შესაძლებელია  სხვადდასხვა აქტივობების დაგეგმვა, ასაკის გათვალისწინებით: ერთად ფილმის ყურება, კითხვის საათი, სამაგიდო თამაშები: ჭადრაკი, შაში, ლოტო, ფაზლი და ა.შ.  შემოქმედებითი აქტივობები: ხატვა, ძერწვა, გაფერადება, აპლიკაციების შექმნა და ა.შ. საოჯახო საქმიანობაში ბავშვების ჩართვა: სადილის მომზადება, დასუფთავება, საკუთარი ოთახისა და ნივთების მოწესრიგება და სხვა. ეცადეთ მეგობრებთან სასაუბრო დრო გამოუყოთ. გახსოვდეთ, რომ მშობლებთან ერთად პოზიტიურად გატარებული დრო ყველაზე ძვირფასია თქვენი შვილისათვის.
  • გაუფთხილდით საკუთარ თავს. ბავშვები მოგბაძავენ იმაში, თუ როგორ რეაგირებთ მოსმენილ ამბებზე, შესაბამისად, როდესაც დაინახავენ თქვენს სიმშვიდეს, თავადაც უფრო მშვიდად იქნებიან.

მნიშვნელოვანია ბავშვებმა იცოდნენ, რომ ადამიანები ეხმარებიან ერთმანეთს სიკეთითა და გულუხვობის გამოვლენით. უფროსები ყოველდღიურად ზრუნავენ ადამიანების უსაფრთხოებასა და ჯამრთელობაზე.
გისურვებთ სიმშვიდეს, ჯანმრთელობასა და წარმატებას.’’

მსგავსი სიახლეები