სიახლეები

წიგნიერების საკითხები თანამედროვე სამყაროში

31 იანვარი 2024

ჩვენი მასწავლებლის, ანა მუშკუდიანისა და მისი მოსწავლეების პროექტის, თანამედროვე სამყაროში წიგნიერების საკითხებისა  და პატარა ბიბლიოთეკის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

მთელი სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები ჩვენს ქვეყანაში არსებულ წიგნიერების პრობლემებზე და ქუჩის ბიბლიოთეკის საჭიროებებზე მსჯელობდნენ. კითხულობდნენ რეი ბრედბერის ,,451 ფარენჰაიტით“-ის ეპიზოდებს და განიხილავდნენ ტექსტის პრობლემატიკას. ადგენდნენ კითხვარებს, ფოკუს-ჯგუფებს, ატარებდნენ კვლევას და აი, დასკვნაც - ჩვენს გარშემო თითქმის არ არსებობს ქუჩის პატარა ბიბლიოთეკები, რაც აქტუალური პრობლემაა საზოგადოებისთვის წიგნის მარტივად  ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
ჩვენი საყვარელი ამბავი კი ესაა:

  • მოსწავლეებმა სკოლაში ტკბილეულის ბაზრობა მოაწყვეს და ბიბლიოთეკის მოსაწყობად საჭირო თანხა თავად შეაგროვეს;
  • დაამზადეს ხის ბიბლიოთეკა, შეაგროვეს წიგნები და დღეიდან, გიმნაზიის ეზოში ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლება ისარგებლოს ბიბლიოთეკით:

- ითხოვოს და წაიკითხოს წიგნები;
- დაგვიტოვოს შთაბეჭდილებები სპეციალურად წიგნების ბოლოში განთავსებულ კონვერტებში;
- აჩუქოს ბიბლიოთეკას წიგნები და რაც მთავარია,  
- წაკითხვის შემდეგ, აუცილებლად ვაბრუნებთ წიგნებს, რათა მისი წაკითხვისგან მიღებული სასიამოვნო ემოციები სხვამაც გაიზიაროს.

მსგავსი სიახლეები