სიახლეები
ელენე კიკოლაშვილი სწავლას ამერიკაში გააგრძელებს
გიმნაზია „შავნაბადას“ მოსწავლე, ელენე კიკოლაშვილი მომდევნო აკადემიურ წელს ამერიკაში გაატარებს.
ელენე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულია, რომელიც მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე.
პროგრამას სრულად აფინანსებს (80 000$) აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო. FLEX და სხვა გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის გზით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ხელს უწყობს შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას.
- როგორ გაიარე კონკურსის ეტაპები?
პანდემიიდან გამომდინარე,ფლექსის ეტაპები ონლაინ რეჟიმში ჩატარდა-დაწყებული პირველი აპლიკაციიდან,დამთავრებული ინტერვიუთი,რომელმაც საბოლოოდ განაპირობა ჩემი წარმატება. ყოველი ეტაპი უდაოდ ამაღელვებელი და საინტერესო იყო. აქცენტი უმთავრესად შენს პიროვნულ თვისებებზე კეთდება,ანუ,იმაზე თუ რამდენად მზად ხარ ერთი სასწავლო წელი უცხო ქვეყანაში გაატარო, შენი ახლობლებისგან და ჩვეული გარემოსგან შორს. კონკურსის სამ მთავარ ეტაპზე რამდენჯერმე მომიწია დამემტკიცებინა,რომ შტატებში წასვლა არამარტო მინდა, არამედ მზად ვარ კიდეც ამისთვის.
- რა გრძნობაა, როცა ასეთი პროექტის გამარჯვებული ხდები?
ასეთი წარმატება ჩემს ასაკში,რა თქმა უნდა, გამარჯვების სიხარულთან ასოცირდება. ბუნებრივია, ეს ამბავი გახარებს არამარტო შენ, არამედ შენს ყველა ახლობელსა და მხარდამჭერს-ოჯახს, მეგობრებს, ბრწყინვალე პედაგოგებს. ამ ეტაპზე ვცდილობ საბუთების დროულად მოგროვებაზე ვკონცენტრირდე. თუმცა, ვგრძნობ მღელვარებასა და მოლოდინს შევხვდე ჩემგან სრულიად განსხვავებულ საზოგადოებას და გავხდე მათი ყოველდღიურობის ნაწილი. მსგავსი პროექტები ჩვენთვის მომავალი განვითარების კარგი პერსპექტივაა.
- რას ურჩევ სხვა მოსწავლეებს, რომლებიც ამ, ან სხვა მსგავსი პროექტებით არიან დაინტერესებულები?
ვფიქრობ, მთავარია საკუთარი თავის ზუსტად ისეთად წარმოაჩენა შეგეძლოს,როგორიც ხარ. თუ ნამდვილად ხარ მზად წასასვლელად, ამ მზაობას აუცილებლად დაინახავენ. გარდა ამისა,აუცილებელია მონაწილეობა მიიღო როგორც სკოლაში მიმდინარე, ასევე მის გარეთ ორგანიზებულ პროექტებსა და ღონისძიებებში. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა განავითარო საკუთარი შესაძლებლობები და კონკურსის ორგანიზატორებს აჩვენო,რომ შენი მიზანი მუდამ წინსვლაა,რაც უკვე იქცა შენი ყოველდღიურობის ნაწილად.
მინდა აღვნიშნო ჩემი სკოლის-საერო გიმნაზია „შავნაბადაში“ გატარებული საოცარი წლები,ბევრი კარგი მოგონება,დირექციისა და პედაგოგების უანგარო შრომა და მხარდაჭერა.
მადლობა ყველას!