სიახლეები

როგორ მოვემზადოთ გამოსაშვები წლისთვის

31 ივლისი 2020

მომავალი აბიტურიენტი ხართ? თუ სკოლა უკვე დაამთავრეთ და წელს გეგმავთ უნივერსიტეტში ჩაბარებას? თუ ასეა, მაშინ ბევრი კითხვა გექნებათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოემზადოთ და რას უნდა ელოდოთ ამ წლისგან.

საქმეს ცოტათი გაგიადვილებთ და შემოგთავაზებთ ჩვენი მასწავლებლებისა და 2020 წლის კურსდამთავრებულების რჩევებს, თუ როგორ მოემზადოთ გამოსაშვები წლისთვის.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები საკუთარ შესაძლებლობებში იყვნენ დარწმუნებული, რაც, რა თქმა უნდა, დიდი შრომის შედეგად მოდის. თუნდაც ცოტ-ცოტა, მაგრამ ყოველდღიური მეცადინეობა ძალიან ეხმარება ბავშვებს თავიანთი მიზნების მიღწევაში. დროის მენეჯმენტის სწორად გადანაწილება ხელს შეუწყობს მათ წარმატებას. ვფიქრობ, მორალური თანადგომაც ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს ასრულებს ასეთ დროს და სასურველია, ბავშვები გრძნობდნენ, რომ იმედი აქვთ, სჯერათ და ენდობიან მათ.“- ხათუნა გულუა

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აბიტურიენტებს შემიძლია ვურჩიო ისაა, რომ მონდომებითა და თავდაუზოგავი შრომით მიიღება შედეგი. თუ წინა წლებში სწავლა გეზარებოდა, ეს არ ნიშნავს მარცხს - ერთწლიან  სისტემატურ მუშაობასაც კი შეუძლია სასურველ მიზნამდე მიგიყვანოს. მთავარია, მოინდომო.“ - ნათია სეფიაშვილი​​​​​​​

„აბიტურიენტობა არის  დასაწყისი ცხოვრების დიდ გზაზე გასასვლელად, მეთორმეტეკლასელი უკვე იწყებს ფიქრს  სამომავლოდ, უნდა აირჩიოს პროფესია და ამიტომ  სწავლის პროცესსაც მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება, ამ დროს აუცილებელია  თანადგომა მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან.    
უპირველესი, რასაც ვურჩევ ჩვენს აბიტურიენტებს, ისაა, რომ უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე და იკითხონ ბევრი, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება მხოლოდ ლიტერატურას... ყველა საგანში საჭიროა გაცილებით მეტი  ცოდნის დაგროვება, ვიდრე აქამდე. ვთვლი,  რომ ბავშვი იყოს ლაღი, მხიარული და ბედნიერი, მეცადინეობამ არ უნდა დათრგუნოს, ხშირად მშობლებს ჰგონიათ, თუ მოსწავლეს საერთოდ არ ექნება დრო და ყველა საგანს თავაუღებლად იმეცადინებს, წარმატებას მიაღწევს... სინამდვილეში პირიქით ხდება. ყველა საქმეშია ზომიერება აუცილებელი, ბავშვი აბიტურიენტობის დროსაც ხალისით უნდა აკეთებდეს თავის საქმეს... ,,შავნაბადას“ აბიტურიენტების შედეგებით ყოველთვის კმაყოფილი  ვარ ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ეს მაძლევს თამამად იმის თქმის საშუალებას, რომ  თუ გულდასმით, რჩევების გათვალისწინებით იმეცადინებთ და ამავე დროს, ცოტას გაერთობით კიდეც, -ნახავთ ფილმებს, მოუსმენთ მუსიკას, ისეირნებთ ბუნებაში... ყველაფერი ძალიან კარგად იქნება!...“ - მადონა ფოჩხუა​​​​​​​

„მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, კარგად გაიაზრონ და გააცნობიერონ,რა სურთ, რა სფეროში ხედავენ საკუთარ თავს და მხოლოდ ასე აირჩიონ პროფესია. რეალისტურად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები და რაც მთავარია, არ დაიშურონ დრო და ენერგია მაქსიმალური შედეგის მისაღებად..  მოსწავლე, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებსა და მიზნებში, აუცილებლად მიაღწევს საწადელს. მეტი დრო და ენერგია დაუთმოს სუსტი მხარეების გაუმჯობესებას და რაციონალურად გამოიყენოს უნარები და.შესაძლებლობები." - ლალი კიკნაძე​​​​​​​

„ჩვენო  ძვირფასო აბიტურიენტებო,  ცოდნა , განათლება და პროფესიონალიზმი - ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენს, ყველას მომავალს და პირველ რიგში, თქვენს მომავალს.“ - თაკო გოგალაძე​​​​​​​

„აბიტურიენტობის  წელი  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ახალგაზრდების ცხოვრებაში, როდესაც უწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, აირჩიონ მომავალი პროფესია და შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების და ცოდნის წარმოჩენა.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამ დროს რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:
1. ეროვნული გამოცდები აბიტურიენტმა  ჩათვალოს საუკეთესო საშუალებად, რათა  წარმოაჩინოს საკუთარი ცოდნა და უნარები, რომლებიც დააგროვა სკოლაში სწავლის პერიოდში. 
2. ეროვნული გამოცდები აღიქვას როგორც შესაძლებლობა  ოცნების პროფესიის დასაუფლებად.
3. აბიტურიენტმა   ადეკვატურად შეაფასოს საკუთარი უნარები და შესაძლებლობები, რომლებიც მნიშვნელოვანია მომავალი პროფესიის არჩევისას. 
მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ მაქსიმალურად გამოიყენონ აბიტურიენტობის წელი საკუთარი უნარებისა და ცოდნის მობილიზებისთვის.
ვუსურვებ, შეძლონ ეროვნულ გამოცდებში მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი თავი, რასაც ნამდვილად მიაღწევენ შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობით.“ - მაკო ჩიტია​​​​​​​

„ძვრიფასო აბიტურიენტებო, წინ გელოდებათ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო წელი. რა არის საჭირო წარმატებისთვის? მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, დროის სწორად განაწილება,   ,,შავნაბადაში“ წლების განმავლობაში  შეძენილი უნარები და ცოდნა დაგეხმარებათ წარმატებით გადალახოთ ყველა გამოწვევა და ბოლო შემაჯამებელი წელი ნაყოფიერად დაასრულოთ. გისურვებთ წარმატებებს.“ - მერი ონიკაშვილი​​​​​​​

„მთავარი საიდუმლო წარმატებული მომავლისათვის სურვილის ერთგულება და შრომისმოყვარეობაა...თავისუფალი აზროვნება ყალიბდება ადამიანური ურთიერთობებითა და სამოქალაქო ცნობიერების გააზრებით...აბიტურიენტი არის მომავალი პროფესიონალი, რომელზეც დამყარებულია საზოგადოების ცხოვრება...ყველაფერი გაიღეთ მომავალი პროფესიისათვის,რადგან,,გულის სისხლს მოითხოვს  საფასად"და სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს...იყო საუკეთესო პროფესიონალი, -დიდი ბედნიერებაა...“ - მაია კობერიძე​​​​​​​

„გასულ წლებთან შედარებით, მეთორმეტე კლასში შემცირებულია გაკვეთილების რაოდენობა. მოსწავლეს სულ რაღაც სამი საგნის შესწავლა უწევს და სკოლაში დაახლოებით ოთხ გაკვეთილს ესწრება, რაც მეტად უჩვეულოა „შავნაბადელებისთვის“. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ გაკვეთილებისა და სკოლის საგნის შემცირება სულაც არ ნიშნავს მეტ თავისუფალ დროს. ამ სამი საგნის საფუძვლიანად შესწავლა დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. მეთორმეტე კლასში აჯამებ წლების განმავლობაში დაგროვებულ ცოდნას და ამავდროულად, სწავლობ ახალსაც. სწავლასთან ერთად არც ის დაივიწყოთ, რომ მალე სკოლას ამთავრებთ და აღარ გექნებათ შესაძლებლობა ასე ხშირად ნახოთ თქვენი თანაკლასელები, ამიტომ ეცადეთ, რომ თავისუფალი დრო მათთან ერთად გაატაროთ და დააგროვოთ ის მოგონებები, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე დაგრჩებათ.“ - ანა გოგია, კურსდამთავრებული.​​​​​​​

„მთავარია რომ ენერგია დაიტოვოთ ბოლო 1 თვისთვის.“- თორნიკე გაბელია, კურსდამთავრებული.​​​​​​​

„აბიტურიენტებს  ვურჩევდი,  როგორც მასწავლებლები აკეთებენ, მთელი წლის გეგმა შეადგინონ სემესტრის დასაწყისში.  ის თემები რომლებიც უნდა გაიარონ, დაყონ თავების მიხედვით  და თავად გააკონტროლონ თავიანთი ცოდნა. ასე უფრო მობილიზებული იქნებით და გართობის დროსაც გამონახავთ.  
კიდევ…კვირაში ერთი დღე გამონახეთ, რომ გადაიმეოროთ ის, რაც ისწავლეთ ამ დროის განმავლობაში, ,,ნასწავლი მაქვს ეს, მაგრამ ვერ ვიხსენებ”- გრძნობა რომ არ გქონდეთ მერე.  და კიდევ ერთი, ,,ეს უკვე იყო და არ მგონია, მოვიდეს” იმედით არ გამოტოვოთ  არაფერი,“ - ქეთი ყორღანაშვილი, კურსდამთავრებული.

„ბოლო სასკოლო წელი განსაკუთრებულია ყველა მოსწავლისთვის და მნიშვნელოვანია აკადემიური და ემოციური მზადყოფნა. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ ეს ერთი წელი გონივრულად გამოიყენოთ. დააბალანსეთ სწავლა და დასვენება, რადგან ორივე ერთნაირად საჭიროა. ეს დრო გამოიყენეთ საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად, რომ წლის ბოლოს სასურველ შედეგს მიაღწიოთ.“ - ქეთი ტატიშვილი, კურსდამთავრებული.

„აბიტურიენტობა მართლაც რომ ძალიან სტრესული და დამღლელია, თუმცა ნამდვილად ღირს ამდენ წვალებად, ამას ხომ არც მეტი, არც ნაკლები ჩვენი მომავალი უკავშირდება. როცა მოსწავლე სწავლობს, თავს არ ზოგავს მიზნის მისაღწევად, აუცილებლად მიაღწევს კიდეც მას! ამიტომ, სანერვიულო არაფერია, ამდენი სწავლა და გარჯა აუცილებლად დაგიფასდებათ. ...როგორც არ უნდა სცადოთ, მაინც აგიჩქარდებათ პულსი გამოცდაზე შესვლის წინ, თუმცა, როდესაც ნახავთ, რომ ყველაფერი მარტივია და საგანგაშო არაფერია წყნარდებით. სწავლა საჭიროა, მაგრამ ცოტა განტვირთვაც არ უნდა დაივიწყოთ, როდესაც დაიღლებით, შეგიძლიათ ივარჯიშოთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ, მეგობრები მოინახულოთ და განიტვირთოთ. გამოცდის წინა დღეს კი დაისვენეთ, მოუსმინეთ მუსიკას, უყურეთ ფილმს და თუ დრო დაგრჩებათ, შეგიძლიათ თქვენს კონსპექტებსაც გადაავლოთ თვალი, ამით დამშვიდდებით და მიხვდებით, რომ გამოცდაზე ყველაფერს შეძლებთ, ამდენი იმისთვის ისწავლეთ რომ თქვენი ცოდნა გამოავლინოთ, მოხვდეთ თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტში და საოცნებო პროფესიას დაეუფლოთ.“ - გვანცა ბებია, კურსდამთავრებული.

იმედი გვაქვს, გამოგადგებათ და გაითვალისწინებთ კიდეც ჩვენი მასწავლებლებისა და მოსწავლეების რჩევებს.

გიმნაზია „შავნაბადა“ წარმატებულ გამოსაშვებ წელს გისურვებთ!

მსგავსი სიახლეები