სიახლეები

შშმ პირთა საერთაშორისო დღე - 3 დეკემბერი

03 დეკემბერი 2020

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა, რომელიც 1992 წლიდან გაეროს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანია ყურადღება გაამახვილოს იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.

ჩვენი ფსიქოლოგი, თამარ ჯინჭარაძე იმ მითების დამსხვრევაში დაგეხმარებათ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ირგვლის არსებობს და ხშირად მათ სოციალიზაციასა და სასწავლო გარემოში ადაპტაციას უშლის ხელს.

  • მითი: შეზღუდული შესაძლებლობა არის დაავადება, რომელიც შეიძლება გადაგედოს.
    რეალობა: შეზღუდული შესაძლებლობა შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული დარღვევით და ის არ არის გადამდები.
  • მითი: მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ყველაფერში შეღავათი გავუკეთოთ, შევიცოდოთ, უპირატესობა მივანიჭოთ, რადგან ისინი თავიანთი მდგომარეობის გამო სიბრალულს იმსახურებენ.
    რეალობა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები არ უნდა გვეცოდებოდეს, რადგან მათ აქვთ ისეთივე ცხოვრება და ინდივიდუალური ინტერესები, როგორიც არა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. შეცოდებით და გადაჭარბებული შეღავათებით, ხელს ვუშლით მათ პიროვნულ განვითარებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას.
  • მითი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, რომელიც ტრანსპორტში თუ სკოლაში „უცნაურად“ ან „საშიშად“ იქცევა, უმჯობესია სპეციალურ სკოლაში დადიოდეს და ცალკე ტრანსპორტით მოძრაობდეს.
    რეალობა: შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვს ისეთივე უფლება აქვს სკოლაში სწავლისა და ტრანსპორტით მოგზაურობის, როგორც ყველა სხვა ბავშვს. შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვის განსაკუთრებული ქცევა შესაძლოა გამომდინარეობდეს მისი მდგომარეობიდან, რაც გარემოს სხვაგვარად აღქმითაა განპირობებული, მაგრამ თუ გარემო იღებს ასეთ ადამიანს და არ ქმნის ბარიერებს, მაშინ ბავშვის ქცევა დროთა განმავლობაში უფრო ადაპტირებული ხდება.
  • მითები: შეზღუდული შესაძლებლოების მქონე ბავშვთან თანაარსებობა, სხვა (ტიპური) ბავშვების განვითარებას აფერხებს.
    რეალობა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ხელს უწყობს დანარჩენი ბავშვის სულიერ და პიროვნულ განვითარებას, ხელს უწყობს გუნდურობის, საზოგადოების წევრობის, სოლიდარობის შეგრძნების, თანასწორობისა და ურთიერთდახმარების უნარების განვითარებას.
  • მითი: თუ ქუჩაში ვხედავთ ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს, სჯობს შეკითხვის გარეშე დავეხმაროთ გადაადგილებაში, რადგან მას ყოველთვის სჭირდება დახმარება.
    რეალობა: ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად შესაძლებლობებისა, სურს დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და სხვისი დახმარება არ ითხოვოს, სანამ მის დახმარებას გადაწყვეტთ, აუცილებლად კითხეთ მას.
  • მითი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები გამოირჩევიან აგრესიულობით და მათ მიერ დანაშაულის ჩადენის რისკი მაღალია. შესაბამისად უმჯობესია, თუ საზოგადოებისგან იზოლირებულები იქნებიან.
    რეალობა: ადამიანის აგრესიული ქცევა შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მიუხედავად იმისა იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თუ არა. კვლევებით დასტურდება, რომ მოძალადე ადამიანს ხშირ შემთხვევაში არ აღენიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები გაცილებით ხშირად თავად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი.
  • მითი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს, კომპენსაციის სახით, სხვა უნარები და ნიჭი განსაკუთრებულად უვითარდებათ და ბევრი მათგანი შესაძლოა გენიოსად ჩამოყალიბდეს.
    რეალობა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებში განსაკუთრებული ნიჭის განვითარების ალბათობა ისეთივეა, როგორც ყველა ბავშვში.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევაა გაწეული, შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ტიპის პრობლემები. შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს ყოველდღიურად უწევთ დიდი დაბრკოლებების გადალახვა.

ჩვენ კი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა, შეზღუდული მხოლოდ გარემო-პირობებია და თითოეული ჩვენგანის მოვალეობა ყველა ადამიანის საჭიროებებზე მორგებული და თანასწორი გარემოს შენებაა.

მსგავსი სიახლეები