სიახლეები

ანა გოგია სწავლას სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში გააგრძელებს

08 ივლისი 2020

12-წლიანი სწავლების განმავლობაში  ყველა მოსწავლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი აბიტურიენტობაა, სკოლაში სწავლის ბოლო წელს  დიდი წვლილი შეაქვს მათს მომავალ განვითარებაში.

ამ დროს ყველასგან დამოუკიდებლად გიწევს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც განსაზღვრავს შენს მომავალს.

აბიტურიენტობა - ეს არის გამოწვევებით სავსე წელი, რომელსაც გიმნაზია „შავნაბადას" მოსწავლეები და მასწავლებლები უკვე წლებია საუკეთესოდ ართმევენ თავს.

ამის ნათელსაყოფად  გთავაზობთ ინტერვიუს ჩვენს წლევანდელ კურსდამთავრებულთან - ანა გოგიასთან, რომელიც 30 000 ლარის ოდენობის დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას უცხოეთში, სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში. 

,,ჩემი სტუდენტური ცხოვრება ბავშვობიდანვე წარმომედგინა უცხო ქვეყანაში, ლამაზ ევროპულ ქალაქში.  ოცნების ასასრულებლად მზადება დავიწყე ბევრად ადრე,  ვიდრე აბიტურიენტობის პერიოდია: ვიყავი აქტიური მოსწავლე, მონაწილებას ვიღებდი ოლიმპიადებში, კონკურსებში და მაქვს ბევრი დიპლომი, სიგელი თუ სერტიფიკატი, დავამთავრე  მუსიკალური სასწავლებელი, ცეკვის სტუდია, სამხატვრო სკოლა, ამასთანავე დიდ დროს ვუთმობდი ინგლისურის საფუძვლიან შესწავლას, ამ ცოდნისა და უნარების შეძენის შემდეგ არჩევანი ტარტუს უნივერსიტეტსა და სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაზე  გავაკეთე, ვაკმაყოფილებდი მოთხოვნებს: მქონდა ინგლისური ენის შესაბამისი დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი, უმაღლესი შეფასება მათემატიკასა და ინგლისურში, აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა ვფიქრობდი, რომ მარტივი არ იქნებოდა, რადგან ტარტუს უნივერსიტეტს მაღალი რეიტინგი აქვს, თავისუფალი ადგილების რაოდენობა კი მეტად შეზღუდულია. სამოტივაციო წერილისა და სააპლიკაციო განაცხადის შევსების შემდეგ ველოდებოდი შედეგებს...

რაც შეეხება სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლას, ვფიქრობდი, ჩამებარებინა თუ არა, რადგან რთული იყო იქ მოხვედრა, საქართველოდან მხოლოდ კომაროვის სკოლის მოსწავლეები სწავლობდნენ. ამ სკოლაში მოსახვედრად რამდენიმე ეტაპი უნდა გაგევლო: პირველი_ აპლიკაციის გაგზავნა, რომლის მოწონების შემთხვევაში გადადიოდი მეორე ეტაპზე_ გამოცდების ჩაბარებაზე, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ კი იყო  მესამე ეტაპი_ბიზნეს სტატიის განხილვა და ინტერვიუ. საკმაოდ ძნელი იყო ამ ყველაფრის გადალახვა, ასევე, რაც მაფიქრებდა, იყო ის, რომ თითქმის შეუძლებელი იყო დაფინანსების მოპოვება...თუმცა, მიუხედავად ამისა, გამოწვევა მივიღე... გადავლახე პირველი ეტაპი_აპლიკაციის შერჩევა, შემდეგ მეორე ეტაპი_ონლაინ ჩავაბარე გამოცდები: მათემატიკაში, ლოგიკასა და ინგლისურში, გამოცდის დროს არ მქონდა უფლება გამომეყენებინა ფურცელი, კალამი, კალკულატორი, ოთახში უნდა  ვყოფილიყავი მარტო, ყოფილიყო გამორთული ინტერნეტი და მოწყობილობები, გამოცდა გაგრძელდა 3 საათი, იყო ძალიან სტრესული... ამ ეტაპის გადალახვის შემდეგ დამინიშნეს კიდევ ერთი გამოცდა, მესამე ეტაპი_ფინანსური სტატია, დრო- 80 წუთი,  რომლის წაკითხვის შემდეგ უნდა მეპასუხა კითხვებზე... ბოლოს დადგა ინტერვიუს დრო და ისევ მოლოდინი, მოვხვდებოდი კი საერთოდ ამ სკოლაში?

პირველად მოვიდა შეტყობინება ტარტუს უნივერსიტეტიდან, რომელიც მაცნობდა, რომ ამარჩიეს და მოვხვდი 25 კანდიდატს შორის. შემდეგ მივიღე შეტყობინება სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლიდან, რომელიც მაუწყებდა,  რომ არა მარტო ჩავაბარე, არამედ მივიღე სწავლის დაფინანსებაც.

ჩემთვის რიგის სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის (Stockholm School of Economics in Riga) სტუდენტობა პრიორიტეტულია, ტარტუს უნივერსიტეტში სწავლაზე უარი განვაცხადე და ვემზადები სტუდენტური ცხოვრების დასაწყებად სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში. მჯერა, რომ კონკურენტული და გამოწვევებით სავსე გარემო მომცემს მოტივაციას ვისწრაფოდე მუდმივად განვითარებისაკენ როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გიმნაზიის ყველა მასწავლებელს სიყვარულისთვის, თავდაუზოგავი შრომისთვის, ცოდნისა და სასიცოცხლო უნარების განვითარებისთვის. სწორედ მათი დახმარებით შევძელი ამ მიზნის მიღწევა.“ - ანა გოგია

მსგავსი სიახლეები