სიახლეები

რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა სკოლაში ყოფნის ბოლო წელს

24 აგვისტო 2019
  • თავად აირჩიეთ პროფესია:

მშობლებს, მასწავლებლებსა და ახლობლებს, ბუნებრივია, აქვთ წარმოდგენა თქვენს ინტერესებსა და შესაძლებლობებზე, ამიტომ მათი აზრი მომავალი პროფესიის შერჩევისას მნიშვნელოვანია, თუმცა გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი ცხოვრებაა და გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობაც ყველაზე მეტად თავად გეკისრებათ. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რა არის ის საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება სიამოვნებით გააკეთებთ, ამიტომ, მოუსმინეთ სხვებს, თუმცა გადაწყვეტილება მიიღეთ თავად.

  • ნუ დაიშურებთ ძალებს გამოცდაზე მაქსიმალური შედეგის მისაღებად:

როგორც იქნა, დადგა დრო, როდესაც თქვენ უკვე „ბავშვი“ აღარ ხართ, სკოლას ამთავრებთ და სტუდენტობისთვის ემზადებით, თუმცა გახსოვდეთ, რომ ეს სასწავლო წელი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია თქვენი მომავალი ცხოვრებისთვის, ვიდრე რომელიმე სხვა. შთააგონეთ საკუთარ თავს, რომ მაქსიმალურად დაიტვირთოთ გამოცდებზე სასურველი შედეგის მისაღებად. გვერწმუნეთ, როცა შრომის შედეგს დაინახავთ, მეცადინეობაში გათენებული ღამეებიც პოზიტიურად გაგახსენდებათ.

  • დაიტოვეთ ცოტა დრო განტვირთვისთვის:

მონდომებასა და სწავლაზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ დატვირთული დღის შემდეგ დასვენებაც აუცილებელია. შეეცადეთ, საღამოობით სუფთა ჰაერზე ისეირნოთ, მოუსმინოთ საყვარელ მუსიკას. როცა დრო გექნებათ, მოინახულეთ მეგობრებიც და ესაუბრეთ მათ თქვენს მომავალ პროფესიასა და, ზოგადად, გეგმებზე. თუ შეძლებთ, კვირის უქმე დღეები ბუნებაში გაატარეთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. სულიერი სიმშვიდის შენარჩუნება მიზნების მიღწევაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

გიმნაზია „შავნაბადა“ წარმატებულ 2019-2020 სასწავლო წელს გისურვებთ!

მსგავსი სიახლეები