სიახლეები

ნინი ბოკუჩავა სწავლას ამერიკაში გააგრძელებს

11 მაისი 2021

გიმნაზია „შავნაბადას“ მოსწავლე, ნინი ბოკუჩავა მომდევნო აკადემიურ წელს ამერიკაში გაატარებს.

ნინი მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულია, რომელიც მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე.

პროგრამას სრულად აფინანსებს (80 000$) აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო. FLEX და სხვა გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის გზით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ხელს უწყობს შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას.

  • როგორ გაიარე კონკურსის ეტაპები?

კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება. პირველ ტურში უბრალოდ ვაკეთებთ განცხადებას, რომ ნამდვილად გვინდა კონკურსში მონაწილეობა, ამერიკულ საბჭოებს ვაწვდით ჩვენი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, ზოგად ინფორმაციას, თუ სად ვცხოვრობთ, რომელ სკოლაში ვსწავლობთ, ასევე კანონიერი მეურვისა ან მშობლების შესახებ ინფორმაციას. ამასთან გვიწევს რამდენიმე ზოგად კითხვაზე პასუხის გაცემა, რომლებიც უმეტესად ჩვენს სტანდარტულ ცხოვრების წესს, ინტერესებსა და ჰობებს შეეხება. პირველი ტურიდან საკმაოდ მოკლე დროში ვწერთ მეორე ტურსაც, რომელიც იმის დამადასტურებელი საბუთია, რომ ჩვენ ნამდვილად ვიცით ინგლისური ენა სალაპარაკო დონეზე. ტესტი, როგორც წესი, საკმაოდ მოკლე და პრიმიტიულია, არ მოითხოვს B1-ზე მაღალ დონეს ინგლისურ ენაში. ორი ტურის გავლის შემდეგ, ამერიკული საბჭოების წარმომადგენლები გვიკავშირდებიან და გვატყობინებენ დადებით/უარყოფით პასუხს მესამე ეტაპზე გადასასვლელად. მესამე ტურში მონაწილე აპლიკანტები არიან ნახევარფინალისტები, რომელთაც ევალებათ საკმაოდ ვრცელი აპლიკაციის შევსება, რომელიც ჩვენს ცხოვრებას შეეხება. ვწერთ უფრო ვრცლად ჩვენი მიღწევების, წარსული გამოცდილებების შესახებ. აპლიკაციის სრულყოფილად შესავსებად საჭიროა სკოლიდან ნიშნების ამონაწერი (სასურველია კარგი ან საუკეთესო შეფასებები), რეკომენდაციის წერილი მასწავლებლისგან და სამედიცინო ფორმა, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფრმაციას ჩვენი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და წარსული დაავადებების, აცრებისა და ოპერაციების შესახებ. ასევე, მესამე ტურში გვიწევს 3 ესესა და კიდევ ერთი ინგლისური ენის ტესტის დაწერა, რომელიც განკუთვნილია იმისათვის, რომ მოხდეს ჩვენი ინგლისური ენის დონის ზუსტი განსაზღვრა. საკმაოდ შრომატევადი მესამე ტურიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ, გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკიდან მოგვდის ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ გვენიჭება ფინალისტის ან რეზერვისტის სტატუსი. ფინალისტები არიან მონაწილეები, რომელთაც სურვილის შემთხვევაში აქვთ გარანტირებული ამერიკის სახელმწიფო დაფინანსება ა.შ.შ - ში ერთი აკადემიური წლის გასატარებლად, ხოლო რეზერვისტები არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ დაფინანსებას, თუ რომელიმე ფინალისტი წასვლაზე უარს განაცხადებს. ყოველწლიურად საქართველოდან 2000-ზე მეტი აპლიკანტიდან ირჩევა 80 ფინალისტია და დაახლოებით 20 რეზერვისტი. 

  • რა გრძნობაა, როცა ასეთი პროექტის გამარჯვებული ხდები?

ნამდვილად საოცარი გრძნობაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სრულად ახერხებ იმის გააზრებას თუ რამხელა პასუხისმგებლობა და სიამოვნებაა, როდესაც ამერიკის სახელმწიფოსგან იღებ $80 000 დაფინანსებას და უნიკალურ შესაძლებლობას, ისწავლო და გაატარო ერთი წელი ამერიკულ სკოლასა და ოჯახში.

  • რას ურჩევ სხვა მოსწავლეებს, რომლებიც ამ, ან სხვა მსგავსი პროექტებით არიან დაინტერესებულები?

ამ პროექტის შემთხვევაში, პირველ რიგში მსურველებს იმას ვურჩევდი, რომ არასდროს არ შევიდნენ შეცდომაში და არ აღიქვან ეს კონკურსი ინგლისური ენის კონკურსად, რადგან პროექტის მთავარი მიზანი, არა მოსწავლეების აკადემიური დონის შეფასება, არამედ ფსიქოლოგიურად შესაბამისი ადამიანების შერჩევაა ქართულ-ამერიკული კულტურების შერწყმისათვის. ენის სათანადოდ არ ცოდნის შემთხვევაში კი პროგრამა უზრუნველყოფს რამდენიმე კვირიან ენის გასაუმჯობესებელ კურსებს.  აუცილებელია პროგრამაში მონაწილეობისას ვიყოთ მაქსიმალურად გულწრფელები. რაც შეეხება მსგავს კონკურსებში მონაწილეობას, თანატოლებს ვურჩევდი, რომ არასდროს შეზღუდონ საკუთარი თავი მცდელობისაგან წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი, რადგან სათანადო ძალისხმევის გაწევის შემთხვევაში აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზნებს.

მსგავსი სიახლეები